მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მეორედაც გადაიდო

ბაჩიაშვილი

გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მეორედაც გადაიდო. როგორც bm.ge-ის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა განუცხადა, საქმეზე პროცესი 14 დეკემბერს არის ჩანიშნული.

როგორც ადვოკატი განმარტავს, საქმის განხილვის გადადება ბრალდების მხარემ, მტკიცებულებათა მოპოვებისთვის დამატებითი დროის საჭიროების არგუმენტით ითხოვა.

„სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომა 14 დეკემბერს გაიმართება. არ მგონია პროცესი კიდევ გადაიდოს, თუმცა ახლა ასე გადაწყვიტა სასამართლომ. პროცესის გადადება ბრალდებამ ითხოვა, მათი არგუმენტია, რომ სხვადასხვა მტკიცებულებებია მოსაპოვებელი და ასევე, პასუხებს ელოდებიან საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, მათ შორის საზღვარგარეთიდან. ჩვეულებრივი, მუშა პროცესია“, - განაცხადა მახარაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესი ჯერ 30 აგვისტოს უნდა გამართულიყო, ხოლო შემდეგ 24 ოქტომბერს.

გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან.

6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა და მისი კუთვნილი საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის პასპორტების საგამოძიებო უწყებისთვის ჩაბარება დაევალა.

გიორგი ბაჩიაშვილმა მაშინ პროცესზე განაცხადა, რომ დანაშაული არასდროს ჩაუდენია და მისთვის გაურკვეველია, რატომ არის ამ პროცესში.

ცნობისთვის, პროკურატურის მტკიცებით საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები