მამაცი ქართველი ახალგაზრდები საქართველოს ქუჩებში იბრძვიან ევროპული მომავლისთვის, რომლისაც სჯერათ და უძლებენ რეჟიმის ძალადობრივ დარბევას - წერს "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია.
„ეს ახალგაზრდები ყველაფერს რისკავენ ევროპული ღირებულებებისთვის - თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ღირსებისთვის. თუმცა გრძნობენ, რომ მათ ბრძოლას დუმილით ხვდებიან.
ამ ახალგაზრდებისთვის ევროკავშირი მხოლოდ იდეა არ არის. ეს მათი ხსნაა - უკეთესი, თავისუფალი და დემოკრატიული მომავლის იმედი.
თქვენი ხმა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ევროკავშირის მკაფიო და მტკიცე პოზიცია არამარტო ძალას მისცემს ამ ახალგაზრდებს, არამედ დაამტკიცებს, რომ ევროპა დგას მათ გვერდით, ვინც იბრძვის ევროკავშირის ღირებულებებისთვის, თუნდაც დიდი პირადი რისკის ქვეშ.
მოგმართავთ, აჩვენეთ ამ მამაც ხალხს, რომ ევროკავშირს ესმის მათი ხმა და მტკიცედ უჭერს მხარს მათ ბრძოლას! - წერს გახარია „ფეისბუქზე“.
საქართველოში, საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.