მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი გახარია: 6 თვის განმავლობაში რაც შესაძლებელი იყო, ყველაფერი გაკეთებულია

5f8d5d0ca675c
ინგა მურუსიძე
19.10.20 13:44
1852
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 6 თვის განმავლობაში, ჯანდაცვის სისტემაში რაც შესაძლებელი იყო, ყველაფერი გაკეთებულია. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

„რაც შეეხება ანტირეკორდებს და ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას - პირველი დღიდან ვამბობდით, რომ იქნებოდა შემთხვევების მატება. ეს იყო აბსოლუტურად გასაგები და ამას ვიმეორებდი ყოველდღე. პირველი ტალღის დროს პირბადე იყო დეფიციტში, მაშინ მძიმე „ლოქდაუნი“ უნდა გამოგვეცხადებინა იმისთვის, რომ ადამიანების ჯანმრთელობა გადაგვერჩინა. სხვა არჩევანი არ გვქონდა. ტესტირების საშუალება, სასუნთქი აპარატები, სარეანიმაციო საწოლები იყო შეზღუდული, ეს ყველაფერი 6 თვის თავზე შედარებით გამოსწორდა და დღეს გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენს მოქალაქეებს არ გავუნადგუროთ მომავალი და მივცეთ შესაძლებლობა, ეკონომიკურად სწრაფი აღდგენის მიზნით, ეს გაზრდილი რაოდენობა ვმართოთ“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, მთავრობას პირველი ტალღის დროს ჰქონდა მიზანი, რომ შეეფასებინა რესურსი სწორად, რაც გააკეთა კიდეც და შეეზღუდა გავრცელება - ეს მიზანი მიღწეულია. რაც შეეხება მეორე ტალღას, გიორგი გახარიას განცხადებით, ახლა მთავრობის წარმატება იქნება ინფიცირებულთა გაზრდილი რაოდენობა მართოს ისე ეფექტურად, რომ ეკონომიკის ჩაკეტვა, მძიმე "ლოქდაუნის" გამოცხადება და მოქალაქეებისთვის საგანგებო მდგომარეობის დაწესება საჭირო არ გახდეს, რადგან ასეთ შემთხვევაში, ეკონომიკის აღდგენაზე ბევრად მეტი დროის დახარჯვა გახდება საჭირო.

„ახლა ექიმებიც გადამზადებულია, ის რაც შესაძლებელი იყო 6 თვის განმავლობაში, გაკეთებულია“, - აღნიშნა პრემიერმა.

მედიის წარმომადგენლებმა პრემიერს, ასევე, ჰკითხეს, გურიაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების და მოსახლეობის
შეხვედრაზე მყოფთა შორის ინფიცირების შემთხვევების დადასტურებაზე.

„პირბადეს ვატარებ ყოველთვის, შესაბამისად, ინფიცირების რისკები, როგორც ჩემი, ისე სხვა ადამიანების შემთხვევაში, მინიმუმამდე დამყავს. ზოგიერთებისგან განსხვავებით, პირბადეს არ ვიხსნი. მიუხედავად იმისა, რომ გურიაში ჩვენი ინფიცირების რისკი ნაკლები იყო, გადავიზღვიეთ თავი და გავიტესტეთ“, - განაცხადა გახარიამ.