საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას განცხადებით, ახალ მთავრობაში მინისტრობის კანდიდატების იგივე შემადგენლობა სრულიად ლოგიკურია. ამის შესახებ მან პარლამენტში დეპუტატის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
გახარიამ მთავრობის შემდგენლობის უცვლელად დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების 2 მიზეზი დაასახელა და განმარტა, რომ ახლა მთავარი არა - მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები, არამედ კრიზისთან გამკლავებაა.
„პირველ რიგში, აქ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ - რა თქმა უნდა, მთავრობის იგივე შემადგენლობა არის სრულად ლოგიკური, როგორც ჩემი, ასევე დარწმუნებული ვარ ჩვენი მოქალაქეების გადმოსახედიდან. პირველ რიგში, იმიტომ, რომ კრიტიკული მიმართულებების თვალსაზრისით, ეს მთავრობა თავის ძირითად ფუნქციებს ეფექტურად ახორციელებს.
მეორე - ბევრი მიმართულებით დაწყებულია მთავრობაში სისტემური რეფორმები. ეს იქნება ჯანდაცვა; განათლება; ინფრასტრუქტურულ სამინისტროში დაწყებულია სერიოზული პროექტები და ტემპი უაღრესად მნიშვნელოვანია; სერიოზული რეფორმებია დაწყებული ეკონომიკის სამინისტროს მიმართულებით - ეს ყველაფერი განსაკუთრებით კრიზისის პირობებში არის ბოლომდე - ლოგიკურ დასასრულამდე მისაყვანი. ამიტომ, გაურკვეველია, რა უნდა ყოფილიყო ერთი არგუმენტი მაინც მთავრობაში ცვლილებების განხორციელების სასარგებლოდ, მაშინ როდესაც მთავრობა ეფექტურად მუშაობს და მეორე - ვართ საკმაოდ მძიმე კრიზისში.
დღეს ჩვენი ყველას ვალდებულებაა, ის მოვალეობა, რომელიც აღებული გვაქვს, მივიყვანოთ ბოლომდე და ეს არის ძირითადი ამოცანა და არა მთავრობის ცვლილებები“, - განაცადა გახარიამ.




























