საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას განცხადებით, "პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყოველთვის იყო საქართველოს ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა".
გიორგი გახარია ამ წუთებში პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას აცნობს.
„მოგეხსენებათ, დღეს, გლობალური ეკონომიკური კრიზისის თვალსაზრისით, საერთოდ ყველასთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები დიდი პრობლემაა. ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ როგორც ეკონომიკაში, ისე სხვა სფეროებში განვაგრძოთ სტრუქტურული რეფორმები, რათა თითოეული ინვესტირებული დოლარი იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცნობისთვის: 2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 23.6%-ით შემცირდა და მან $302.6 მილიონი დოლარი შეადგინა. ჯამურად, წლის 9 თვეში კი FDI $719 მილიონი დოლარი იყო, რაც 2019 წელთან შედარებით 24%-ით ანუ $228 მილიონი დოლარით ნაკლებია. საქსტატის მონაცემებით, მესამე კვარტალში ინვესტიციების შემცირება ეკონომიკის სექტორების უმეტესობაში შეიმჩნევა, გარდა საფინანსო სექტორისა, რაც სავარაუდოდ, ბანკების მიერ წლის განმავლობაში მოზიდულ სესხებს უკავშირდება. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი - 37.1 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 36.6 მლნ აშშ დოლარით.




























