ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე BMG-სთან საუბარში აცხადებს, რომ “ვირტუალური ზონის პირებთან” მიმართებით კანონმდებლობაში ცვლილებები არ განხორციელებულა, ხოლო თუკი ამ კატეგორიის მქონე ბიზნესების მიერ გადასახადების გადახდა არ ხდება, ეს დანაშაულს წარმოადგენს.
“რაც შეეხება საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესებას, რა თქმა უნდა, ჩვენ მუდმივად გვექნება აქცენტი ადმინისტრირების გაუმჯობესებაზე. საკანონმდებლო მიამრთულებით არც ვირტუალური და არც სხვა მიმართულებით, ჯერჯერობით, არ განხორციელებულა ცვლილება, ამიტომ თუ ვინმე რამეს არ იხდიდა, ეს ისედაც დანაშუალია უკვე,”- აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.
კითხვაზე თუ რატომ შეცვალა შემოსავლების სამსახურმა “ვირტუალური ზონის პირების” დაბეგვრის პრაქტიკა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ის საკითხის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
“მე დეტალებში ვერ შევალ, რადგან არ მაქვს სრულყოფილი ინფორმაცია, მაგრამ საკანონმდებლო დონეზე არაფერი შეცვლილა და თუ ვინმე რამე გადასახადს არ იხდიდა, აუცილებელია, მსგავსი საკითხების ადმინისტრირება მოხდეს ისე, როგორც კანონშია გაწერილი,”- ამბობს გიორგი კაკაურიძე.
ვირტუალური ზონის პირი - ასე ჰქვია იმ სტატუსს, რომლის მოპოვებითაც საქართველოში მოღვაწე საინფორმაციო და ტექნოლოგიური სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს დღგ-ისა და მოგების გადასახადების 0%-მდე შემცირება შეუძლიათ.
ეს საგადასახადო შეღავათები 2010 წლის დეკემბერში - “საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების” შესახებ მიღებული კანონით და საგადასახადო კოდექსით არის განსაზღვრული. კანონის მიხედვით, ნულოვანი საგადასახადო მოსაკრებელი საქართველოში IT სერვისების განვითარების ხელშესაწყობად არის მიღებული.
ვირტუალური ზონის პირის სტატუსს კომპანიებს ფინანსთა სამინისტრო ანიჭებს. კანონის მეექვსე მუხლის მიხედვით - “ვირტუალურ ზონაში საქმიანობას მიეკუთვნება იურიდიული პირის მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მიმართული იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნასთან.”
გასული 10 წლის განმავლობაში საქართველოში ამ სტატუსით 1,000-ზე მეტი იურიდიული პირი დარეგისტრირდა. საგადასახადო პრაქტიკის მიხედვით, კომპანიებს არ მოეთხოვებოდათ უშუალოდ საქართველოში დასაქმებულთა ყოლა და უშუალოდ საქართველოს ტერიტორიიდან მომსახურების გაწევა. თუმცა, რამდენიმე კვირაა რაც შემოსავლების სამსახურმა საკუთარი პრაქტიკა რადიკალურად შეცვალა და კომპანიებისგან წინა წლებში მიღებულ შემოსავლებზე გადასახადების გადახდას ითხოვს. უწყების მთავარი არგუმენტია, ის რომ “საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების” შესახებ კანონის თანახმად, IT სერვისების წარმოება უშუალოდ საქართველოს ტერიტორიიდან უნდა ხდებოდეს, ხოლო “ვირტუალური ზონის პირების” 90%-ზე მეტი კი ფაქტობრივად საქართველოში საკუთარ პროდუქციას არ ქმნის, ამის გამო ისინი გადასახადებს უნდა იხდიდნენ.
იურიდიული და აუდიტორული კომპანიების შეფასებით, მთავრობის მიერ “ვირტუალური ზონის პირებთან” მიმართებით საგადასახადო პრაქტიკის რადიკალური ცვლილება მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, რის შედეგადაც არაერთმა ინვესტორმა ქვეყანა შეიძლება დატოვოს. აუდიტორული ფირმები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ აქამდე სახელმწიფოს მხრიდან ამ საკითხის ან კანონის თაობაზე არავითარი კომუნიკაცია არ გამართულა. იურისტების შეფასებით, სადავო საკითხი რომ სერვისის შექმნა უშუალოდ საქართველოდან უნდა მოხდეს წერია "საინფორმაციო ტექნოლოიების შესახებ" კანონში და არა საგადასახადო კოდექსში, ხოლო საგადასახადო ადმინისტრირებისთვის სახელმწიფომ არა "საინფორმაციო ტექნოლოგიების კანონი", არამედ საგადასახადო კოდექსი უნდა გამოიყენოს.
საკითხზე უფრო ვრცლად წაიკითხეთ სტატიაში - 10 წლის კანონში მთავრობამ ხვრელი “აღმოაჩინა” და 1,000 კომპანიისგან გადასახადს ითხოვს