მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი ქადაგიძის სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს ჩაინიშნება - ადვოკატი

გიორგი ქადაგიძე

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, რომელიც 2 თებერვლის საპროტესტო აქციაზე დააკავეს კვლავ წინასწარ პატიმრობაში რჩება. როგორც მისმა ადვოკატმა შოთა კახიძემ Bm.GE-ის განუცხადა, ქადაგიძეს წინასწარი პატიმრობის 24-საათიანი პერიოდი გაუხანგრძლივდა, რომელიც დღეს საღამოს იწურება.

მისი ინფორმაციით, სასამართლო პროცესი სავარაუდოდ უნდა ჩაინიშნოს, თუმცა კონკრეტული დრო ადვოკატმა არ იცის.

„გიორგი ქადაგიძის დაკავების ოქმი ამ დრომდე არ მიგვიღია. ვიცით, რომ ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული და სავარაუდოდ ბრალი ადმინისტრაციული სამართლის კოდექსის 166-ე ან 173-ე მუხლით წარედგინება. თუმცა ჩვენთვის ჯერ უცნობია როდის გაიმართება სასამართლო. წინასწარი დაკავების 48-საათიანი პერიოდი დღეს საღამოს იწურება“, - აღნიშნა გიორგი ქადაგიძის ადვოკატმა.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე 2 თებერვალს საპროტესტო მსვლელობისას, სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ის დუშეთის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი წვრილმან ხულიგნობას ითვალისწინებს - საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს და 500-დან 1000 ლარამდე ოდენობით დაჯარიმებას ან ადმინისტრაციულ 15 დღემდე ვადით პატიმრობას გამოიწვევს.

173-ე მუხლი კი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას მოიცავს და 2000-დან 3000 ლარამდე ოდენობით ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები