მოლდოვის უმსხვილესი ბანკის, Maib-ის ქართველი გენერალური დირექტორი, გიორგი შაგიძე, რომელიც ბანკს 2021 წლიდან უძღვება, ხელმძღვანელის თანამდებობას 2024 წლის ივნისში აღარ დატოვებს და ამ თანამდებობაზე 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დარჩება. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ამ დრომდე, ბუქარესტის საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების პირველადი საჯარო განთავსება წარმატებით შედგება, ეს ვადა 2026 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.
“ბანკის ტრანსფორმაციის პირველი ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტრატეგიულ პრიორიტეტებზე ვფოკუსირდით, მათ შორის ბანკის აქციების რესპექტაბელურ საფონდო ბირჟებზე დალისტვაზე და მობილური ბანკინგის მიმართულების ზრდის დამატებითი მასტიმულირებელი ფაქტორების პოვნაზე. მოხარული ვარ, რომ Maib-ის განვითარების შემდეგ ეტაპზე ბანკს გიორგი შაგიძე უხელმძღვანელებს”, - განაცხადა Maib-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ვიტაუტას პლუქსნისმა.
მოლდოვის უმსხვილეს ბანკის მენეჯმენტში მიმდინარე ცვლილებებს თავად გიორგი შაგიძეც გამოეხმაურა. “Maib-ის ხელმძღვანელობა ტრანსფორმაციის შემდეგ ეტაპზე, ჩემთვის - დიდი პატივია. ამჟამად, მოლდოვა მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე დგას, რაც ევროპული საბჭოს მიერ დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება, ქვეყანასთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით. ჩვენ, როგორც ქვეყნის ნომერ პირველი ბანკი, დიდ შესაძლებლობას ვხედავთ, მაგრამ, ამასთან, პასუხისმგებლობასაც ვგრძნობთ. მოხარული ვარ, რომ ამ შესანიშნავ გუნდსა და ბანკს ვუხელმძღვანელებ, რომლის თითოეულმა წევრმა ჩვენს წარმატებაში დიდი როლი ითამაშა”, - განაცხადა გიორგი შაგიძემ.
ცნობისთვის, Maib-ი მოლდოვის უდიდესი ბანკია, რომელიც 2023 წლის მე-3 კვარტალის მონაცემებით, დეპოზიტების ბაზრის 33.8%-იან და კრედიტების ბაზრის 38.2%-იან წილს ფლობს. ამასთან, Maib-ი მოლდოვის სისტემურ ბანკადაც ითვლება, რადგან ის ქვეყნის მოსახლეობის თითქმის მესამედს ემსახურება და თან, უდიდესი კერძო დამსაქმებელიცაა, რომელსაც 2400-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. 2018 წლიდან, Maib-ის უდიდესი აქციონერი საერთაშორისო კონსორციუმია, რომელიც EBRD-ის, Invalda INVL-ისა და Horizon Capital-ისგან შედგება.