"ლენოვო ტენერიფეს'' ქართველმა ცენტრმა გიორგი შერმადინმა ლიგა ენდესას 2022-23 წლების საუკეთესო მოთამაშის პრიზი მოიგო. გიორგიმ ჯერ ლიგის მიერ ორგანიზებული ქომაგთა გამოკითხვაში გაიმარჯვა, რის შემდეგაც საუკეთესოს დასახელებაში მონაწილეობას თავად კალათბურთელები, მწვრთნელები და ჟურნალისტები იღებდნენ.
გიორგიმ MVP-ს ტიტული ისტორიაში მეორედ მოიგო, რითიც ის ლეგენდარულ კალათბურთელებს – არვიდას საბონისს, ტანოკა ბერდს, ლუის სკოლას, ფელიპე რეიესსა და ნიკოლა მიროტიჩს გაუთანაბრდა. ქართველმა ეს ტიტული პირველად 2020-21 წლების სეზონში მიიღო.
გიორგი სეზონის გუნდშიც მოხვდა. ლიგა ენდესას საუკეთესო ხუთეული ასე გამოიყურება: დარიუს ტომპსონი, მარკუს ჰოვარდი (ორივე ბასკონია), ძანან მუსა, ედი ტავარესი (ორივე რეალი), გიორგი შერმადინი (ტენერიფე).