საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ახალი რეგიონალური საგრანტო პროგრამა გამოაცხადა, რომლის საგრანტო თანხის მოცულობა 25 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
GITA-ში აცხადებენ, რომ პროგრამის მიზანი ინოვაციების დანერგვა, ტესტირება ან გაუმჯობესებაა მათი შემდგომი კომერციალიზაციისთვის. ასევე ინოვაციებით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული სუბიექტების საერთაშორისო ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ეკოსისტემაში ინტეგრაცია და მათი კომერციული პოტენციალის გაზრდა.
„საგრანტო პროგრამა განხორციელდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. პირველ ეტაპზე აპლიკაციების მიღება დაიწყო აჭარა, იმერეთსა და გურიაში. დაინტერესებულ პირებს 20 თებერვლიდან საშუალება ეძლევათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარადგინონ განაცხადები. საგრანტო წინადადებებს შეაფასებს კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით და შერჩეული სტარტაპები კომისიის წინაშე წარსადგენად გაივლიან გადამზადების სპეციალურ კურსს, რომელიც მოიცავს: ბაზრის კვლევას, ბაზარზე გასვლის სტრატეგიას, მასშტაბირებასა და ე.წ. „ფიჩინგს“. საგრანტო თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, გრანტის მიღება შეუძლია სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს. ასევე არარეგისტრირებულმა პირმა კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოახდინოს შესაბამის რეგიონში.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებპორტალზე www.grants.gov.ge .