მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გიწვევთ ფინეთში, რათა შეხვდეთ თავისუფალ პრესას და დააკვირდეთ ნებისმიერ დემონსტრაციას" - ეუთოს თავმჯდომარე კობახიძეს

ეუთ

ეუთოს თავმჯდომარე და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი, რომელთანაც გუშინ "ოცნების" პრემიერის შეხვედრა არ შედგა, ირაკლი კობახიძეს მიმართავს.

სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში ვალტონენი წერს, რომ ეუთოს მონაწილე ქვეყნებში ხალხის უფლებაა, ისარგებლონ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებითა და თავისუფალი არჩევნებით.

"პრემიერ-მინისტრო,

საქართველოს მომავალი მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია - იგივე ვრცელდება ეუთოს წევრ ყველა სახელმწიფოზე. იმისათვის, რომ ხალხმა შეძლოს ამ უფლებით სარგებლობა, მათ სჭირდებათ სიტყვის თავისუფლება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, პოლიტიკური ალტერნატივებით.

ჰელსინკის დასკვნითი აქტი (1975):

  • [წევრი სახელმწიფოები] იღებენ ვალდებულებას, ხელი შეუწყონ და წაახალისონ ყველა ინდივიდისთვის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და სხვა უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტური აღსრულება.
  • ისინი ადასტურებენ, რომ ეს უფლებები და თავისუფლებები გამომდინარეობს ადამიანის თანდაყოლილი ღირსებიდან და აუცილებელია თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოებების განვითარებისთვის.

ამ სულისკვეთებით, როგორც ეუთოს თავმჯდომარე, ამ დოკუმენტზე ხელმოწერიდან 50 წლის შემდეგ, თქვენ, ირაკლი კობახიძეს, გიწვევთ ფინეთში, რათა შეხვდეთ თავისუფალ პრესას და დააკვირდეთ ნებისმიერ დემონსტრაციას, რომელსაც მოისურვებთ.

P.S ბოდიში, რომ შეუთავსებელი გრაფიკის გამო თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება მომიწია", - წერს ელინა ვალტონენი.

ცნობისთვის, ეუთოს თავმჯდომარე 14-15 ოქტომბერს თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა და როგორც მთავრობის წარმომადგენლებს, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა და რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციასაც დაესწრო.

15 ოქტომბერს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირაკლი კობახიძემ, "კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო" ელინა ვალტონენთან შეხვედრა გააუქმა. გუშინვე, ფინური საზოგადოებრივი მაუწყებელი წერდა, რომ საგარეო მინისტრმა თავად გააუქმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა, ვინაიდან მას აზერბაიჯანში გამგზავრება დაგეგმილზე ადრე მოუწია. მოგვიანებით, ელინა ვალტონენი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები