მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გივი მიქანაძე თსუ-ს და ტსუ-ს რექტორებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ხვდება

განათლების სამინისტრო

განათლების მინისტრი გივი მიქანაძე თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების რექტორებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ხვდება.

შეხვედრა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მიმდინარეობს. განსახილველი საკითხია განათლების რეფორმა და თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანება.

შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარები გააკეთეს უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა.

როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ქეთევან ქუთათელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, განათლების რეფორმების გატარება შესაძლებელია არსებული ინსტიტუციების ბაზაზე.

„ჩემი პოზიციაა, რომ რეფორმების გატარება შეიძლება არსებული ინსტიტუციების ბაზაზე. ინჟინერია არის რთული დარგი, მისი რეფორმა შესაძლებელია არსებული ინსტიტუციის ფარგლებში. ჩვენ რეფორმას ვემხრობით, განვითარებაც გვინდა, დახმარებაც, მაგრამ ვფიქრობთ, ეს უფრო ეფექტიანი იქნება არსებული ინსტიტუციის შენარჩუნებით“, – განაცხადა ქეთევან ქუთათელაძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, მანანა მაღრაძის განცხადებით, მისი პოზიციაა, რომ უნივერსიტეტები არ უნდა გაერთიანდნენ.

„გაერთიანებასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია დადებითი რომ იყოს, აქ არ ვიქნებოდი. ალბათ მთავრობამ უნდა მოუსმინოს თავის ხალხს და ჩვენს არგუმენტებს თუ მოისმენენ, მგონია, შეცვლიან გადაწყვეტილებებს. თუ არ მოგვისმენენ, მაშინ არაფერი იქნება. მთავრობას არ ვურჩევ ბევრი გაბრაზებული მოქალაქის ყოლას“, – აღნიშნა მანანა მაღრაძემ.

ამასთან, მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის პროფესორმა იაგო კაჭკაჭიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ამ პოლიტიკით ხელისუფლება სჯის უნივერსიტეტებს და მათ კანონგარეშედ აცხადებს“.

„უნივერსიტეტი ის ორგანიზმია, რომელსაც საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის პოტენცია არა უბრალოდ აქვს, არამედ ევალება, რომ ეს გააკეთოს. შესაბამისად, ამ პოლიტიკით ხელისუფლება სჯის უნივერსიტეტებს და მათ აცხადებს კანონგარეშედ, სამთავრობო ვერტიკალზე დაქვემდებარებულად. ორი უნივერსიტეტის გაერთიანება სწორედ ამ ჭრილში უნდა დავინახოთ. ეს არის მათ დამოუკიდებლობაზე, ავტონომიურობაზე არსებითი და ბრუტალური შეტევა. სწორედ ამის თქმას ვაპირებ შეხვედრაზე“, – განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გასული თვის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ "ქართული ოცნება" თსუ-სა და სტუ- გაერთიანებას გეგმავს. 29 იანვარს გამართულ ბრიფინგზე "ოცნების" მთავრობაში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ორივე უნივერსიტეტის რექტორებთან კონსულტაციით მიიღეს. მისი თქმით, გაერთიანებას წინ უსწრებდა ხანგრძლივი კონსულტაციები და სახელმწიფო უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამების, კვლევითი მიმართულებებისა და ინფრასტრუქტურის შედარებითი ანალიზი.

გადაწყვეტილებას პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტების საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ამასთან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა და სამეცნიერო საზოგადოებამ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაერთიანების საკითხზე, ბიძინა ივანიშვილს განცხადებით მიმართ. განცხადების ავტორები მოითხოვენ, რომ საპარლამენტო მოსმენამდე პარლამენტის განათლების კომიტეტისა და მთავრობის წარმომადგენლები ტექნიკურ უნივერსიტეტში მივიდნენ და საკითხი საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან საჯაროდ განიხილონ, ან ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებს მიეცეთ შესაძლებლობა დაესწრონ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის საპარლამენტო განხილვას, თუმცა უმაღლესი განათლების შესახებ კანონი პარლამენტმა 4 თებერვალს დაჩქარებული წესით მიიღო და ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის პროცესს არეგულირებს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენატი კი სტუ-ს და თსუ-ს გაერთიანების ინიციატივას დაუსაბუთებლად მიიჩნევს და სამინისტროს მოუწოდებს, პროცესი შეწყვიტოს. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება 4 თებერვალს სენატის - უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე დაამტკიცეს.

გვინდა, თსუ-ს აღვუდგინოთ ის მდგომარეობა, რითაც ის თავის დროზე შეიქმნა ივანე ჯავახიშვილის მიერ - კობახიძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები