მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

GlampShop თიანეთში საგამოფენო სივრცეს აშენებს – რას შესთავაზებს მომხმარებელს?

glamping

გლემპინგ ინფრასტრუქტურის იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანია „გლემპშოპი" (GlampShop) თიანეთში ახალ საგამოფენო სივრცის აშენებს. BM.GE-სთან ინტერვიუში კომპანიის დამფუძნებელი შალვა ბერიძე ამბობს, რომ პროექტი, სახელწოდებით „ჩემთან ალტოში“, სავარაუდოდ ორ თვეში დასრულდება და სივრცე ხელმისაწვდომი იქნება როგორც ვიზიტორებისთვის, ასევე ტურისტებისთვის სერვისების შეთავაზების მიზნით.

„ეს იქნება სივრცე, სადაც მომხმარებელი შეძლებს ნახოს სხვადასხვა ტიპის გლემპინგი, ასევე სერვისების ხარისხი, დიზაინი და კომპლექტაცია. პირველი ეტაპი მოიცავს 5 კოტეჯს, ერთ კაფე-ბარს და ორ კასრის საუნას, რომელიც ავსტრიის განვითარების ფონდის გრანტით განხორციელდა“, - აღნიშნა ბერიძემ.

ის აღნიშნავს, რომ კომპანიის მიზანი არა მხოლოდ გაყიდვების ზრდაა, არამედ ხარისხიანი გლემპინგის ქართული პროდუქტის შექმნა. მისი თქმით, საქართველოში უკვე აშენებულია ობიექტები კახეთში, გუდაურში, ყაზბეგში, აჭარაში, სვანეთსა და სხვა რეგიონებში: „სამი წელია სოფელში გადავედი საცხოვრებლად, ვაშენებ შოურუმ კომპლექსს და ვაწარმოებ გლემპინგებს. ინვესტიცია, რომელიც აქამდე ჩავდე 300–400 ათას ლარს აჭარბებს, რაც მოიცავს როგორც ფიზიკურ შრომას, ასევე სხვადასხვა გრანტებით მიღებულ დაფინანსებას“, - ამბობს ბერიძე.

აღსანიშნავია, რომ „გლემპშოპი“ საქართველოში 2018 წლიდან ოპერირებს და 2020 წლიდან ოფიციალური იმპორტიორი და მშენებელია. კომპანიის პროდუქცია ორ ტიპად იყოფა – საბაზისო და სრული კომპლექტები. საბაზისო კომპლექტები ჩინეთიდან შემოდის, სრული კომპლექტების ნაწილი კი საქართველოში მზადდება.

ბერიძის თქმით, ადგილობრივი წარმოება საშუალებას იძლევა გაუმჯობესდეს თბოიზოლაცია, ინტერიერის მასალები და კარ-ფანჯრები, მომხმარებელს კი დასრულებული პროდუქტი შესაბამისი ფერის არჩევით მიეწოდება.

„გლემპინგის ფასები კომპლექტაციის მიხედვით განისაზღვრება. საბაზისო კომპლექტის კვადრატული ფასი იწყება 130 დოლარიდან, სრული კომპლექტის კი – 200 დოლარიდან (ლარში ეკვივალენტურად). მიტანა-აწყობა-მონტაჟის მომსახურების ღირებულება იწყება კვადრატულზე 100 ლარიდან, თუმცა თბილისიდან 100 კილომეტრის რადიუსში ლოკაციისა და შეკვეთის რაოდენობის მიხედვით შესაძლებელია 120–150 ლარამდე გადაიზარდოს. საჭიროების შემთხვევაში, მუდმივად ვცდილობ შეღავათის შეთავაზებას. ჩემი მიზანი არა მხოლოდ გაყიდვების ზრდაა, არამედ მაღალი ხარისხის გლემპინგის ქართული პროდუქტის ხელმისაწვდომ ფასად მიწოდება. უკვე ექვსი წელია ბაზარზე ვართ, ვინც იცნობს კომპანიას, კარგად იცის ჩვენი სერვისი და ხარისხი, რაც ერთ-ერთ ყველაზე მაღალ სტანდარტად ითვლება გლემპინგების სექტორში”, - ამბობს შალვა ბერიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები