რუსეთში ყოფილი ელჩის, ვალერი ჩეჩელაშვილის შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ 26 ოქტომბრის არჩევნებში "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს და დასავლელ პარტნიორებს ჩამოშორდება, ეს საქართველოს ეკონომიკას ძლიერ დარტყმას მიაყენებს. ამის შესახებ მან მედიასთან BMG-ის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
მისი თქმით, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობაზეა დამოკიდებული საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობა და ამის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება საფრთხეს შეუქმნის ქართულ საფინანსო სექტორს.
"ძალიან მძიმე ვითარება შეიძლება ჩამოყალიბდეს. ნუ გავიწყდება, რომ ბრიუსელი არ არის მხოლოდ ევროკავშირი და ევროკომისია; ეს არის ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი... ისევე როგორც, ვაშინგტონი არ არის მხოლოდ თეთრი სახლი, ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკის ჯგუფი.
ასეთ გლობალურ ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობაზე დგას ჩვენი ეკონომიკური კეთილდღეობა, ისევე როგორც იმაზე, რომ ჩვენ საერთაშორისო საფინანსო სისტემის ინტეგრალური, განუყოფელი ნაწილი ვართ. თუ ჩვენ ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენეთ, მაშინ ყოველივე ის, რითაც ჩვენ ასე ვამაყობთ - განვითარებული საბანკო სექტორი, ფინანსური მდგრადობა, სტაბილურობა და ა.შ. - სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგება და ამის კომპენსირება შეუძლებელი იქნება", - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.
პოლიტოლოგმა ეკონომიკურ შედეგებზე საუბრისას უკრაინის მაგალითიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ, ევროინტეგრაციის დათმობის სანაცვლოდ რუსეთმა შესაძლოა საქართველოს ფინანსური დახმარება გამოუყოს.
"პრინციპში, შეიძლება ასეც მოხდეს, რომ რუსეთმა ჩვენს მთავრობას 2-მილიარდიანი კრედიტი შესთავაზოს, რადგან ზუსტად ეს ვითარება იყო უკრაინაში 2013 წელს: როდესაც იანუკოვიჩმა უარი თქვა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე, რუსეთმა მას 9-მილიარდიანი ფინანსური მხარდაჭერა შესთავაზა. მაგრამ ეს ჩვენს ფინანსურ და ეკონომიკურ მდგომარეობას ვერ უშველის და არც მინდა ვიფიქრო, რა პრობლემების წინაშე შეიძლება დადგეს ჩვენი მოსახლეობა", - ამბობს ვალერი ჩეჩელაშვილი.