გლობალურ საკონტეინერო კომპანია MSC-ის საქართველოში შემოსავალი 26 მილიონი ლარით, ანუ 27%-ით გაიზარდა და მან 122 მილიონ ლარს მიაღწია - ამის შესახებ კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ 2023 წლის ფინანსურ ანგარიშში არის აღნიშნული. ანგარიშის თანახმად, MSC საქართველოში საკონტეინერო გადაზიდვების ლიდერია და ის მომხმარებლებს საკონტეინერო მომსახურებას ფოთის და ბათუმის პორტებში აწვდის.
ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიის შემოსავლები წყაროების მიხედვით ასე ნაწილდება:
- შემოსავალი სატერმინალო მომსახურებიდან - 90.6 მილიონი ლარი, ზრდა 19%;
- შემოსავალი კონტეინერების სახმელეთო გადაზიდვისთვის სარგებლობაზე გადაცემიდან - 10.4 მილიონი ლარი, ზრდა 70%;
- შემოსავალი სახმელეთო გადაზიდვებიდან - 6.3 მილიონი ლარი, ზრდა 60%;
- შემოსავალი კონტეინერების შენახვიდან - 6 მილიონი ლარი, ზრდა 45%;
- სხვა საოპერაციო შემოსავალი 6 მილიონი ლარი, ზრდა 41%.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიას გასულ წელს 40.9 მილიონი ლარის წმინდა მოგება ჰქონდა, რაც 2022 წელთან შედარებით 8.6 მილიონი ლარით მეტია. საქართველოში კომპანიის აქტივები 17.3 მილიონ ლარს შეადგენს.
კომპანია MSC საქართველოს 80%-ს უშუალოდ MSC შიფინგ ლაინი ფლობს, რომელიც მსოფლიოში საკონტეინერო ფლოტის ზომით #1 ადგილს იკავებს. კომპანიის 20%-იანი წილის მფლობელია ბიზნესმენ ჯემალ ინაიშვილის კომპანია "ინვეკო", რომლის შვილის ირინას სახელიც კომპანია MSC-იმ მათ ერთ-ერთ უახლეს - 400 მეტრის სიგრძის საკონტეინერო ხომალდს უწოდა, ხომალდს 24,300 კონტეინერის (TEU) ტევადობა აქვს და ზომიდან გამომდინარე მისი მიღება საქართველოს არცერთ პორტს არ შეუძლია.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ MSC ჯგუფი საქართველოში, ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების ინვესტორის შესარჩევი კონკურსის საბოლოო ეტაპზეც იღებდა მონაწილეობას, სადაც ჯგუფს კომპანია TIL წარმოადგენდა, რომელიც 31 ქვეყანაში 70 საპორტო სატერმინალო ინფრასტრუქტურის ოპერატორია. თუმცა, ანაკლიის ტენდერის საბოლოო ეტაპზე კომპანიამ საკუთარი წინადადება არ წარადგინა, ხოლო ერთადერთი კომპანია რომელმაც საკუთარი საბოლოო საინვესტიციო წინადადება წარადგინა ჩინური CCCC იყო, რომელიც ტენდერის უპირატეს მონაწილედ დასახელდა.