გასულ წელს გლობალური ფულის მიწოდების მოცულობამ ისტორიულ რეკორდს მიაღწია და 144 ტრილიონი დოლარი შეადგინა. წლიური ზრდა 13.6 ტრილიონი დოლარი იყო, რაც 10.4%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.
ფულის მასის ზრდის მასშტაბების აღსაქმელად მნიშვნელოვანია 25-წლიანი დინამიკის გათვალისწინება. 2000 წლიდან მოყოლებული, გლობალური ფულის მასა 118 ტრილიონი დოლარით გაიზარდა, რაც საშუალოდ წლიურ 7%-იან ზრდას ნიშნავს. თუმცა, ყველაზე დრამატული ნახტომი 2020 წლის პანდემიის შემდეგ დაფიქსირდა: სულ რაღაც ხუთ წელიწადში მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობა 44 ტრილიონით გაიზარდა. ყველაზე სწრაფი მატება 2021 წლის თებერვალში დაფიქსირდა, როდესაც ზრდამ 18.7% შეადგინა, რაც პირდაპირ უკავშირდებოდა მთავრობების მიერ ეკონომიკის სტიმულირების აგრესიულ სტრატეგიას.
2026 წლის დასაწყისისთვის ფულის მასის მკვეთრი ზრდა იმაზე მიუთითებს, რომ ცენტრალური ბანკები კვლავ აგრძელებენ ბაზრების ლიკვიდობით მომარაგებას და მთავრობების - ვალის ზრდას, მიუხედავად კრიზისის არარსებობისა.
ექსპერტების შეფასებით, ფულის მიწოდების ზრდა არის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი ისეთი აქტივების გაძვირებისა, როგორიცაა: ოქრო და უძრავი ქონება, რადგან ინვესტორები ცდილობენ კაპიტალი ვალუტის მსყიდველობითი უნარის გარდაუვალი შემცირებისგან დაიცვან.
ზოგადად, არაკრიზისულ პერიოდში ფულის მასის „გაბერვა“ სარისკო ექსპერიმენტად მიიჩნევა, რომელმაც შესაძლოა გრძელვადიან პერსპექტივაში ვალუტების დევალვაცია და ეკონომიკური უთანასწორობის გაღრმავება გამოიწვიოს, რადგან აქტივების შეფასება მეტად გაიზრდება, მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა კი – შემცირდება.




























