ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია "ფორეჯის" თავმჯდომარის ინფორმაციით, გლობალური დათბობის პირობებში ტრადიციული მეთოდებით თევზის წარმოება რთულდება. სოფო დიასამიძე მიიჩნევს, რომ გამოსავალი თანამედროვე, ჩაკეტილ სისტემებზე (RAS) გადასვლაა, რაც ტემპერატურის მართვისა და წყლის რესურსის დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა.
“რაც არ უნდა ჩვენ ხმამაღლა ვაცხადებდეთ, რომ საქართველო ჰიდრორესურსებით მდიდარი ქვეყანაა, გლობალური დათბობის და კლიმატის ცვლილებებიდან გამომდინარე აქაც შეგვეცვალა სურათი. ვფიქრობ, დარგი რომ განვითარდეს აუცილებელია გადავიდეთ თანამედროვე ტექნოლოგიებზე. ეს არის ჩაკეტილი სისტემები, RAS სისტემები, რომლებიც რეალურად მუშაობენ მიწისქვეშა წყლებზე, ეს გულისხმობს თანამედროვე ტექნოლოგიებით ტემპერატურის მართვას, რაც ერთ-ერთი პრობლემაა ფერმერისთვის…
დარგი რომ განვითარდეს, ჩვენ გვჭირდება სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაინტერესებული ახალგაზრდა თაობა, რომელიც დაინტერესდება ამ ახალ ტექნოლოგიებზე მუშაობით…
არსებულ მეურნეობებს შეიძლება გაუჭირდეს, თუმცა პერიოდი აუცილებლად დადგება რამდენიმე წელიწადში და ამისთვის სპეციალისტების ბაზა უნდა იყოს მომზადებული”, - აცხადებს სოფო დიასამიძე.
მისი თქმით, დარგის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იმპორტირებულ საკვებზე მაღალი დამოკიდებულება რჩება. ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოში თევზის საკვების მხოლოდ ერთი მწარმოებელია, რაც კონკურენციისა და სტაბილურობის პრობლემებს ქმნის. საკვების დეფიციტი და შენახვის პირობების დარღვევა კი ხშირად ფერმერების დაზარალების მიზეზი ხდება.
რაც შეეხება ექსპორტს, სოფო დიასამიძის თქმით, ევროპულ ბაზარზე ფიქრი ნაადრევია მანამ, სანამ ადგილობრივი ბაზარი არ გაჯერდება. თუმცა, გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა: გამკაცრდა სურსათის უვნებლობის კონტროლი და აიკრძალა მავნე ნივთიერებების (მაგალითად, მალაქიტის) გამოყენება, რაც ქართულ პროდუქციას საერთაშორისო სტანდარტებთან აახლოებს.
დიდი პოტენციალი აქვს მარიკულტურის (ზღვის აკვაკულტურის) ზონებსაც, სადაც წარმოებული პროდუქცია პირდაპირ ექსპორტზე იქნება ორიენტირებული, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ განავითაროს სახმელეთო მეურნეობებიც, რომლებიც ზღვის ზონებს ჩასასმელი მასალით მოამარაგებენ.
“დღეს ექსპორტზე გადის მხოლოდ ზღვაში დაჭერილი თევზი. საკვებ მეურნეობებში მოშენებული თევზის ექსპორტი არ არის დაშვებული და ამაზე ბევრია სამუშაო. ყველაზე მთავარია, რომ ჯერ ბაზარს უნდა ვაკმაყოფილებდეთ და შემდეგ უნდა ვფიქრობდეთ ექსპორტისთვის. ექსპორტის საუკეთესო საშუალებაა მარიკულტურის ზონები, რაც არის გამოყოფილი, თუმცა ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ზღვა არ იყოს მხოლოდ გამტარი და ადგილობრივ ბაზარს რაღაც სარგებელი ჰქონდეს.
არ უნდა მოხდეს ისე, რომ შემოვიდეს ჩასასმელი მასალა მარიკულტურის ზონებში უცხო ქვეყნიდან და ისევ გავიდეს უცხო ქვეყანაში ექსპორტზე. მხოლოდ გამტარიანობა არ უნდა იყოს ჩვენი დანიშნულება, ჩვენთან მთავარია, რომ განვითარდეს სახმელეთო მეურნეობები, რომლებიც მიაწვდიან მარიკულტურის ზონებში ჩასასმელ მასალას, მათ შორის კალმახს. აი ამაზე არის ძალიან ბევრი სამუშაო”,-აცხადებს bm.ge-სთან სოფო დიასამიძე.
საქსტატის ბოლო, 2024 წლის მონაცემებით, საქართველოში აკვაკულტურის სახმელეთო მეურნეობებში 2 500 ტონა თევზი იწარმოება. სახელმწიფო სტრატეგიის მიხედვით, სამიზნე 2028 წლისთვის წარმოების გახუთმაგებაა.




























