მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გლობალური ეკონომიკის "ტექტონიკური ძვრები" - რატომ ასახელებს JPMorgan-ის CEO გეოპოლიტიკას მთავარ რისკად

ჯეიმი დაიმონი

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის, JP Morgan-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეიმი დაიმონი აცხადებს, რომ დღეს მსოფლიოსთვის ნომერ პირველი საფრთხე არა ეკონომიკური ციკლები, არამედ გეოპოლიტიკური დაძაბულობაა.

Bloomberg-თან ინტერვიუში, კითხვაზე აკვირვებს თუ არა ჯეიმი დაიმონს ფაქტი, რომ ბაზარი არეულობებსა და გეოპოლიტიკურ რყევებს შვიდად და ოპტიმისტურად ხვდება, JPMorgan-ის CEO აღნიშნავს, რომ არ უკვირს, თუმცა მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარება ყველაზე რთულია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ბიზნესს სიფრთხილე მართებს.

"თუ გადახედავთ ყველა ომს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ნახავთ, რომ ბაზარი რეაგირებს, მაგრამ ამას არასდროს ჰქონია რეალური გრძელვადიანი ეფექტი, გარდა 1973 წლის ისრაელის კონფლიქტისა, როდესაც ნავთობის ფასები გასამმაგდა და ეს საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. ასე რომ, სამყარო ამას როგორღაც ეგუება.

მაგრამ გეოპოლიტიკა მთავარი პრობლემაა. დღეს ის ბევრად უფრო რთულია, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყოფილა. ვგულისხმობ უკრაინას, რუსეთს, ირანს, ჩრდილოეთ კორეას, ჩვენს ურთიერთობებს ჩინეთთან. ამან შეიძლება იქონიოს გავლენა, მაგრამ შეიძლება არა. შეიძლება, ეს მოვლენები დროთა განმავლობაში საერთოდ შენელდეს. ომი ირანთან თუ ხანმოკლე იქნება, ნავთობის ფასი 80, 90 ან 100 დოლარამდე ავა და მხოლოდ მცირე ხნით გაგრძელდება, მას ალბათ არ ექნება დიდი ეფექტი. მაგრამ თუ ის გახანგრძლივდება, მაშინ ყველა პროგნოზი უაზრო გახდება", - განაცხადა ჯეიმი დაიმონთან Bloomberg-თან.

JPMorgan-ის CEO-მ ასევე ისაუბრა საკითხზე, თუ რამდენად მოწყვლადია ახლა აშშ-ის ეკონომიკა გეოპოლიტიკური შოკების მიმართ. მისი შეფასებით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები "ტექტონიკური ფილებია", რომელთა ეფექტიც, შესაძლოა, მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში გამოჩნდეს.

"დღეს მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ვითარებაა. რა დაემართება თავისუფალ დასავლურ დემოკრატიულ სამყაროს, რომელსაც თავს ესხმის რუსეთი უკრაინაში, ირანი ახლო აღმოსავლეთში, ცოტათი ჩინეთიც, რომელსაც სურს დასავლური სამყაროს დაყოფა და დაპყრობა, როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკური კუთხით. თქვენ ხედავთ, რომ მათი ყველა მეზობელი შეიარაღებას იწყებს სწორედ მათი ქმედებების და არა სხვების გამო. ეს ყველაფერი მოძრავ ტექტონიკურ ფილებს ჰგავს, რომლებმაც შეიძლება იმოქმედონ, ან არ იმოქმედონ, ეკონომიკაზე მოკლევადიან პერსპექტივაში, მაგრამ შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდნენ გრძელვადიან პერსპექტივაში.

მაგალითად, როცა ომზე ვსაუბრობთ, იმოქმედა ვიეტნამის ომმა ეკონომიკაზე ძალიან მოკლე დროში? არა, მაგრამ მას 20-წლიანი ეფექტი ჰქონდა ამის შემდეგ. ასე რომ, თქვენ უნდა შეხედოთ ამ მოვლენებს, როგორც მოძრავ ფილებს, რომლებსაც შეიძლება ხუთი წელი დასჭირდეთ გავლენის მოსახდენად, მაგრამ ეს ეფექტი ძალიან რეალური იქნება. ახლა ეკონომიკა კარგად მუშაობს, აქტივების ფასები მაღალია, ხალხი ფიქრობს, რომ ყველაფერი ასე გაგრძელდება", - ამბობს ჯეიმი დაიმონი.

JP Morgan-ის ხელმძღვანელის თქმით, გლობალურ დეფიციტებთან და შეიარაღების რბოლასთან ერთად, გეოპოლიტიკა რჩება იმ მთავარ ფაქტორად, რომელმაც ნებისმიერ წამს შეიძლება შეცვალოს მსოფლიო ეკონომიკის დღის წესრიგი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები