გლობალური გადაზიდვების ინდუსტრია ემისიების შემცირებისთვის მზარდი წნეხის ქვეშ ექცევა - დარგის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ბუნდოვანი რეგულაციები, მათ შორის იმაზე, თუ რა ტიპის მწვანე საწვავს უნდა იყენებდნენ კონტეინერმზიდი გემები, სფეროს დეკარბონიზაციას ართულებს.
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია, რომელიც გადაზიდვების ინდუსტრიას არეგულირებს, სექტორის სათბურის ემისიების შემცირებისათვის, ცვლილებების დანერგვას ცდილობს. ორგანიზაციამ გასულ კვირას საზღვაო უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა მოიწვია, რომლის მონაწილეებიც ნულოვანი ემისიებისთვის სამუშაო ჩარჩოს შექმნაზე შეთანხმდნენ. შემოთავაზებული გაიდლაინი სუფთა საწვავის სტანდარტის დაწესებას მოიაზრებს და მასზე მუშაობა, დისკუსიის შემდეგ, მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყება.
საზღვაო ორგანიზაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ მწვანე საწვავზე გადასვლა ინდუსტრიის ემისიების შემცირების ერთ-ერთი გზაა, თუმცა სფეროს წარმომადგენლები ახალი ტიპის საწვავზე გადასვლისგან თავს იკავებენ, რადგან ეს ახალი სატრანსპორტო ხომალდებისთვის დამატებითი ხარჯების გაწევას ნიშნავს. ClearLake Shipping-ის ხელმძღვანელი კი აცხადებს, რომ კომპანია სუფთა საწვავზე გადასვლისთვის მზადაა, თუმცა არც ერთი მარეგულირებელი ორგანო მათ შესაბამის მითითებებს არ აძლევთ.
გადაზიდვების ინდუსტრია გლობალური ვაჭრობის 90%-ს მოიცავს და მსოფლიოს ნახშირბადის ემისიების 3%-ზეა პასუხისმგებელი - საკონტეინერო გემების უმრავლესობა კი იაფ და ენერგომკვრივ საწვავს იყენებს, რის გამოც, როგორც წესი, დიდი დისტანციის დასაფარად მისი მცირე რაოდენობაა საჭირო.
ინდუსტრიის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ შესაბამისი რეგულაციების არარსებობის გამო, სექტორს ინვესტიციების ჩადება საწვავის სხვადასხვა ვარიანტში უწევთ, რაც საოპერაციო ხარჯებს ზრდის. რა ტიპის გაიდლაინით გადაჭრის საზღვაო ორგანიზაცია ამ პრობლემას, ცნობილი სექტემბრიდან გახდება.