რუსეთ-უკრაინის ომისა და დასავლეთის მიერ მკაცრი ეკონომიკური სანქციების დაწესების ფონზე, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასები მკვეთრად იზრდება. ინვესტორისა და ფინანსური მრჩევლის, რაინერ მაიკლ პრეისის თქმით, უახლოეს მომავალში გლობალური ინფლაციის დონის ზრდა ყველაზე მეტად სწორედ ნავთობის ფასზეა დამოკიდებული.
"ინფლაციასთან დაკავშირებით მთავარი შეკითხვა ნავთობის ფასია, ამჟამად ჩვენ ბარელ ნავთობზე 120 დოლარის ფარგლებში ვართ. საკითხავია, ფასების რა დონემ შეიძლება მიგვიყვანოს გლობალურ რეცესიამდე; თუ გახსოვთ, 2008 წლის ფინანსურ კრიზისამდე ცოტა ხნით ადრე ნავთობის ფასმა 150 დოლარს მიაღწია, ამის შემდეგ კი საფონდო ბირჟებზე დიდი კორექცია მოხდა", - განაცხადა პრეისმა Forbes Georgia-სთან ინტერვიუში.
ეკონომისტთა ნაწილის შეფასებით, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირება საწვავის, ტრანსპორტირების ხარჯების და საქონლისა თუ სერვისების ფასების ზრდას იწვევს, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ადგილობრივ და გლობალურ ინფლაციის დონეზე. დასავლეთის მხრიდან რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესაძლებლობის ფონზე, 7 მარტს ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 130 დოლარამდე გაიზარდა, რაც 2008 წლის შემდეგ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
პრეისის თქმით, ომის გამო მსოფლიო უპრეცედენტო მასშტაბის ცვლილებების წინაშე დგას, რომელსაც ახალი გეოპოლიტიკური რეალობაც კი შეიძლება ვუწოდოთ. უახლოეს მომავალში საფინანსო ბაზრებზე მოსალოდნელი იქნება: მაღალი ვოლატილობა, ფასების მერყეობა და რისკის პრემიის ზრდა. მისი აზრით, მსგავს არასტაბილურ ვითარებაში თავის დაზღვევის და რისკების მაქსიმალურად შემცირების საუკეთესო საშუალება პორტფელის დივერსიფიკაციაა.
"მნიშვნელოვანია სათანადოდ დივერსიფიცირებული გლობალური პორტფელის ქონა. ამ საკითხთან დაკავშირებით ერთ მაგალითსაც მოვიყვან, ამჟამად ყველაზე კარგ შედეგებს ის ბაზრები აჩვენებენ, რომლებიც ტერიტორიულად შორს არიან ევროპისგან. Bloomberg-ის მონაცემებით, ახლა ყველაზე მეტად პერუს საფონდო ბირჟა იზრდება".
გამოცდილი ინვესტორი და ფინანსური მრჩეველი ეთანხმება მოსაზრებას, რომ წარმატების გასაღები დივერსიფიცირებული პორტფელია, იქნება ეს საინვესტიციო თუ სახელმწიფო დონეზე.




























