საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმის თანადამფუძნებელი დავით კიზირია აცხადებს, რომ გასულ კვირაში დაფიქსირებული გლობალური IT შეფერხება საქართველოს საჯარო ინფრასტრუქტურას იმიტომ არ შეეხო, რომ მოძველებულია. ამის შესახებ მან "საქმის კურსში" სტუმრობისას ისაუბრა.
გლობალური IT შეფერხებიდან მე-4 დღეს ავიარეისების შესრულება ისევ პრობლემად რჩება. მიზეზი კიბერუსაფრთხოებაზე მომუშავე კომპანია CrowdStrike-ის მიერ განახლების პროცესია, რამაც გასული კვირის ბოლოს გლობალურმა მსოფლიო დროებით დააპაუზა და აეროპორტებში, ბანკებსა თუ კლინიკებში ქაოსი გამოიწვია. აეროპორტებში ასობით რეისი გააუქმა და და ათასობით გადაიდო. პრობლემები შეიქმნა საქართველოს აეროპორტებშიც.
საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმის თანადამფუძნებელი დავით კიზირია აცხადებს, რომ ციფრულ ტრანსფორმაციას თან რისკებიც ახლავს, თუმცა ამის გარეშე დღეს თანამედროვე მსოფლიოში ეკონომიკა კონკურენტუნარიანი ვერ იქნება.
მისი შეფასებით, მსოფლიო მსგავსი ტიპის შეფერხებების გადამზღვევ მექანიზმებზე მუშაობს და ამ მიმართულებით შესაბამისი ნაბიჯები იდგმევა, თუმცა ამისთვის ქვეყნები მზად უნდა იყვნენ. დავით კიზირიას თქმით, საქართველოს მსგავსი პატარა ეკონომიკები უნდა იყვნენ საერთო ინფორმაციული ქსელის ნაწილი თუ სურთ განვითარება, თუმცა ამის პარალელურად აუცილებელია სიახლეებისთვის ფეხის აწყობა და არსებული სისტემების გამართვა.
“რამდენიმე სტრატეგიული გადაწყვეტილებაა მისაღები, ერთი რომ ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს დაცულ ციხე სიმაგრეს, სადაც ჩვენს საკუთარ სისტემებს ვავითარებთ, რაც წაგებიანია. მე მგონია, რომ სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილებაა ის, რომ ჩვენ ვართ დიდი დასავლური ინფორმაციული ქსელის ნაწილი. ეს დაახლოებით იგივეა როგორც თავდაცვითი სისტემები.
დღევანდელ სამყაროში თავი დაიცვა ისეთმა პატარა ეკონომიკამ როგორიც ჩვენ ვართ ძალიან რთულია, ამიტომ იქმნება ალიანსები. იგივე ამერიკასაც კი სჭირდება ნატო. დაახლოებით იგივე არსებობს გლობალური ინფორმაციული ველი, რომელსაც ბუნებრივია აქვს პრობლემები, რომელიც ვნახეთ, მაგრამ იმიტომ რომ კონსოლიდირებულია უფრო მეტი რესურსია უფრო სწრაფად და უფრო კვალიფიციურად აღმოფხვრას ეს პრობლემები. ამიტომ სტრატეგიული არჩევანია, ვიყოთ დიდი დასავლური ინფორმაციული სამყაროს ნაწილი.
იმისთვის, კი რომ ჩვენზე პოზიტიური ეფექტის გავრცელება სწრაფად მოხდეს, შესაბამისი სტანდარტების დაცვაა საჭირო. აქ ლაპარაკია ინფორმაციულ და რეაგირების სტანდარტებზე, მათ შორის კიბერუსაფრთხოებაზეც. ასევე უნდა მოხდეს იმ სისტემების დანერგვა, რომელიც უფრო პროგრესულია, უფრო თანამედროვეა. ჩვენს შემთხვევაში რომ ავიღოთ საჯარო ინფრასტრუქტურა, საკმაოდ მოძველებულია, რაც რისკებს აჩენს. საჯარო ინფრასტრუქტურას გლობალური IT შეფერხება იმიტომ არ შეეხო, რომ მოძველებულია. კი იტყვიან დაცულები ვართო, მაგრამ რეალობა ეს არის. გამოსავალი არის სწორი სტრატეგიული არჩევანი - ვიყოთ დიდი ალიანსის ნაწილი, გვქონდეს სტანდარტები და გვყავდეს შესაბამისი კადრები”, - ამბობს საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმის თანადამფუძნებელი დავით კიზირია.