კვირის მთავარ ავტო სიახლეებს წარმოგიდგენთ "თეგეტა ჰოლდინგი"
სექტემბერში გლობალურმა EV გაყიდვებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
სექტემბერში სრულად ელექტრულმა და პლაგინ-ჰიბრიდულმა მანქანებმა მსოფლიოს მასშტაბით ახალი რეკორდი დაამყარეს: გაყიდვები წლიურად 26%-ით გაიზარდა და 2.1 მილიონ ერთეულს მიაღწია. ზრდა ძირითადად ჩინეთმა უზრუნველყო, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკაში სტუმილი $7,500-იანი სუბსიდია იყო, რომელიც სექტემბრის ბოლოს ამოიწურა. ახალი მაქსიმუმი დააფიქსირა ევროპამაც. რაც შეეხება კონკრეტულ რიცხვებს, ჩინეთი: 1.3 მლნ ერთეული, ევროპა: 427,541 ზდრა +36%, ჩრდილოეთ ამერიკა: 215,000 ზრდა +66%.
ჩინეთის ელექტრომობილების ექსპორტი სექტემბერში გაორმაგდა
ჩინეთის ელექტრომობილების ექსპორტი სექტემბერში გაორმაგდა, რაც ქვეყანაში არსებული მძლავრი კონკურენციის ფონზე მწარმოებლებს უცხო ბაზრებზე გადასვლისკენ უბიძგებს.ჩინეთის საავტომობილო მწარმოებელთა ასოციაციის მონაცემებით, სექტემბერში ექსპორტზე გავიდა 222,000 ერთეული ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილი, რაც 100%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
მიუხედავად იმისა, რომ ეს რიცხვი ოდნავ ჩამორჩა აგვისტოს შედეგს (224,000 ერთეული), ტემპი მაინც რეკორდულად მაღალია.
ჩინური ბრენდები, მათ შორის BYD, Geely, Chery და SAIC, აქტიურად აფართოებენ ოპერაციებს ევროპაში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სადაც მოთხოვნა სწრაფად იზრდება. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია BYD, რომლის ექსპორტმა დიდ ბრიტანეთში სექტემბერში 880%-ით მოიმატა, რის შედეგადაც ბრიტანეთი გახდა ბრენდის უდიდესი უცხოური ბაზარი.
გერმანიის მთავრობა ელექტრომობილების სუბსიდირების პროგრამას აბრუნებს
გერმანიის მთავრობა 2026 წლიდან ელექტრომობილების სუბსიდირების პროგრამას განაახლებს, თუმცა ამჯერად მკაცრი პირობებითა და დაბალი საფასო ზღვარით. მიზანი მარტივია: დაბალ და საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახებს ელექტრომობილებზე ხელმისაწვდომობა გაეზარდოს.გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ახალი პროგრამა ძალაში2026 წლის 1 იანვრიდან შევა და მოიცავს როგორც ახალ, ისე მეორად ელექტრომობილებს, რაც პირველად ხდება ქვეყნის ისტორიაში.
სუბსიდიის ოდენობა განისაზღვრება მაქსიმუმ €4,000-ით, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილის საბაზო ფასი არ აღემატება €45,000-ს. წინა სქემაში ეს ზღვარი €65,000 იყო, რაც პროგრამას უფრო პრემიუმ სეგმენტზე ორიენტირებულს ხდიდა.
პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური ელემენტი სწორედ მეორადი ავტომობილების ჩართვაა. სუბსიდია ხელმისაწვდომი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი პირველი რეგისტრაციიდან არაუმეტეს 3 წლისაა და აკმაყოფილებს ენერგოეფექტურობის სტანდარტებს.
GM-მა $1.6 მილიარდიანი დანაკარგი განიცადა
General Motors (GM)-მა დაადასტურა, რომ მესამე კვარტალის ფინანსურ ანგარიშში აისახება $1.6 მილიარდი დოლარის დანაკარგი, რომელიც უკავშირდება კომპანიის მიერ დაგეგმილი ელექტრომობილების პროექტების გადაფასებას.
რას მოიცავს $1.6 მილიარდიანი დანაკარგი - $1.2 მილიარდი დოლარი წარმოადგენს ბუღალტრულ დანაკარგს - აქტივების ღირებულების შემცირების გამო, ხოლო $400 მილიონი დოლარი დაკავშირებულია რეალურ ფულად ხარჯებთან, მათ შორის კონტრაქტების გაწყვეტასთან და კომერციულ კომპენსაციებთან.
კომპანია გადაწყვეტილებას უკავშირებს აშშ-ს მთავრობის პოლიტიკის ცვლილებებს, მათ შორის: $7,500-იანი ფედერალური EV სუბსიდიის გაუქმებას და ემისიის ნორმების შერბილებას. როგორც GM აცხადებს, ამ ცვლილებების შედეგად მოსალოდნელია, რომ ელექტრომობილებისადმი ინტერესის ზრდა დროებით შენელდება.
Ford-მა მაღალი გამავლობის 5 მოდელის წარმოება შეაჩერა - რა გახდა მიზეზი?
ამერიკულმა ავტომწარმოებელმა Ford-მა მაღალი გამავლობის 5 მოდელის წარმოება შეაჩერა. საუბარია ისეთ ავტომობილებზე, როგორებიცაა Expedition და Lincoln Navigator.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, გადაწყვეტილების მიზეზი ალუმინის მარაგების კლება გახდა, რაც, თავის მხრივ, მიწოდების შემცირებამ განაპირობა. კონკრეტულად, საუბარია ნიუ იორკის შტატში მდებარე Novelis-ის ალუმინის საწარმოში გაჩენილ ხანძარზე, რომელმაც წარმოება 2026 წლის პირველ ნახევრამდე სრულად შეაჩერა. აღსანიშნავია, რომ ამერიკული ავტომწარმოებელი ალუმინის 40%-ს სწორედ Novelis-ისგან ყიდულობდა.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ Ford-ის მიერ 5 მოდელის წარმოების გამო კომპანიის შემოსავლები, დაახლოებით, $1 მილიარდით შემცირდება. ეს კი ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ ავტომწარმოებელზე უარყოფითად აისახება.





























