მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გლობალურმა იმპორტმა $25.6 ტრილიონს გადააჭარბა - TOP იმპორტიორი ქვეყანა

იმპორტი

საერთაშორისო ვაჭრობის ევოლუციით, გლობალიზაციის შედეგებით და ტექნოლოგიების პროგრესით, გლობალური ვაჭრობა ბოლო 20 წლის განმავლობაში დაახლოებით 300%-ით გაიზარდა. გასულ წელს კი, გლობალური იმპორტის ღირებულებამ 25.6 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის უახლესი მონაცემების თანახმად, გლობალური იმპორტის თითქმის 24%-ს მსოფლიოში ორი უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, აშშ და ჩინეთი აკონტროლებს. მათგან ლიდერი კი, 3,4 ტრილიონი დოლარის იმპორტის მოცულობით აშშ-ია. შტატების საიმპორტო მაჩვენებელი ყოველწლიურად საშუალოდ 15%-ით იზრდება, მისი მთავარი სავაჭრო პარტნიორი კი ჩინეთია.

რაც შეეხება თავად ჩინეთს, მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკის იმპორტი 2,7 ტრილიონ დოლარს შეადგენს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ზრდა ამ შემთხვევაში შენელებულია და გასულ წელს, იმპორტის მაჩვენებელი მხოლოდ 1%-ით არის გაზრდილი. იმპორტის თვალსაზრისით, ჩინეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორი ტაივანია, რომლისგანაც ძირითადად ელექტრონიკის პროდუქტებსა და ნახევარგამტარებს ყიდულობს. მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, ჩინეთ-ტაივანის სავაჭრო ურთიერთობები საკმაოდ რთულია, რაც სხვადასხვა სახის პროდუქციის იმპორტის მოულოდნელად აკრძალვაში გამოიხატება.

მესამე უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა გერმანიაა, რომელმაც გასულ წელს 1,6 ტრილიონი დოლარის პროდუქცია შეიძინა. 899 მილიარდი დოლარის მაჩვენებლით მეოთხე პოზიციაზე ნიდერლანდები ხვდება, ხოლო მეხუთე ადგილს იაპონია იკავებს, სადაც გასულ წელს 897 მილიარდი დოლარის პროდუქციის იმპორტი განხორციელდა.

რაც შეეხება ტოპ 10-ი იმპორტიორი ქვეყნის მიერ შეძენილი საქონლის ღირებულებას, შედეგები ასეთია:

დიდი ბრიტანეთი - $824 მილიარდი;
საფრანგეთი - $818 მილიარდი;
სამხრეთ კორეა - $731 მილიარდი;
ინდოეთი - $723 მილიარდი;
იტალია - $689 მილიარდი.

ის, რომ ამ უმსხვილეს იმპორტიორებს შორის ნახევარი ევროპის ქვეყნებია, გასაკვირი სულაც არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირი მთელ მსოფლიოში სოფლის მეურნეობის პროდუქტების, საწვავისა და სამთო პროდუქტების, ასევე საავტომობილო პროდუქციის უმსხვილესი იმპორტიორია.

რაც შეეხება წლევანდელ მდგომარეობს, მართალია მონაცემები 2024 წლამდე ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შეფასებით, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ასევე აზიასა და ევროპაში გლობალური იმპორტის მოცულობა 1.2%-მდე არის შემცირებული. ეს მოცემულობა კი, ნაწილობრივ მწარმოებელ ეკონომიკაში მოთხოვნის შემცირებას უკავშირდება და ძირითადად შუალედური საქონლის წილის შემცირებით გამოიხატება. 2023 წლის პირველ ნახევარში შუალედური საქონლის წილი მსოფლიო ვაჭრობაში 51%-დან 48,5%-მდე შემცირდა. ეს ერთი მხრივ, შეიძლება მიწოდების ჯაჭვის შეფერხებაზე მიუთითებდეს, ხოლო მეორე მხრივ, შესაძლოა საქონლის ღირებულების ზრდას უკავშირდებოდეს.

გარდა ამისა, ვაჭრობის ნაკადზე გავლენას სხვა ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორებიც ახდენს, როგორიცაა, სუბსიდიები, ექსპორტის აკრძალვები და ისეთი საკანონმდებლო პოლიტიკა, როგორიც მაგალითად ევროკავშირის მიერ მიღებული "ჩიპების აქტია". აღნიშნული აქტი, ნახევარგამტარების ადგილობრივი წარმოების სტიმულირებისთვის 52 მილიარდ დოლარიან დაფინანსებას მოიაზრებს. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის კვლევიდან დგინდება, რომ მსოფლიოს ეკონომიკაში დეგლობალიზაციის ნიშნები უკვე აშკარად შესამჩნევია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები