მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ღლონტების თაფლი“ წარმოებას ზრდის – "პანდემიას ჩვენს განვითარებაზე უარყოფითად არ უმოქმედია"

5f6cb2a2f0b2b
ვიქტორია მღებრიშვილი
24.09.20 22:30
1982
პანდემიას ღლონტების მეფუტკრეობის განვითარებაზე უარყოფითად არ უმოქმედია - ამის შესახებ BM.GE-ის „ღლონტების თაფლის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ვახტანგ ღლონტმა განუცხადა.

თაფლის მწარმოებელი ამბობს, რომ ექსპორტის შეჩერებამ კომპანიას მეფუტკრეობის გაძლიერებისა და გაფართოებისკენ უბიძგა, მათ მეურნეობა ფუტკრების 100 ოჯახით გაზარდეს, რომელმაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დაიდო ბინა. 

ამ ყოველივეს განხორციელება კი ENPARD-ის პროექტში მონაწილეობით შეძლეს. მისი თქმით, მეფუტკრეობის გაფართოებასა და საწარმოს ამოქმედებისთვის ჯამში 80 000 ლარის ინვესტიცია ჩაიდო, საიდანაც 40 000 ლარი ღლონტებს ეკუთვნოდა.

„ამ პერიოდში ჩვენი წარმოება გავზარდეთ, მეტი ყურადღება ფუტკრის ოჯახების რაოდენობასა და თაფლის წარმოების პროცესზე გადავიტანეთ. შიდა ბაზარზე ნორმალური რეალიზაცია გვაქვს და ვცდილობთ რომ კიდევ უფრო გავზარდოთ წარმოება. ამიტომ თბილისთან ახლოს ავამოქმედეთ საწარმო, რომელიც თაფლის ჩამოსხმა-ბრენდირებას განახორციელებს. ახლა შეგვაქვს აღჭურვილობა იმისთვის, რომ კორონავირუსის გადავლამდე რაც შეიძლება მეტად გავაქტიურდეთ შიდა ბაზარზე.
საწარმოს ამოქმედებისთვის 30 000 - 40 000 ლარის ინვესტიცია ჩავდეთ და საწარმოში 2 ადამიანი დასაქმდა. ჯამში დასაქმებულთა რაოდენობამ 5 ადამიანი შეადგინა. საწარმო, ჯერჯერობით, 100%-ით არ არის ამოქმედებული, თუმცა გვინდა რომ 10 ტონით მეტი თაფლი ვაწარმოოთ“, - განმარტა ვახტანგ ღლონტმა.

მისივე ინფორმაციით, მას შემდეგ რაც საწარმო სრულად ამოქმედდება, ღლონტები პარტნიორი ფერმერებისგან თაფლის ჩაბარებასაც შეძლებენ, რისთვისაც მეფუტკრეთა კლასტერს შექმნიან.

„აქამდე საკუთარ, დაახლოებით 7-8 ტონა თაფლს ვამუშავებდით, ხოლო ახლა გვინდა შევქმნათ კლასტერი, რომელშიც მეფუტკრეები გაწევრიანდებიან. ჩვენი საწარმო მათგან მიიღებს თაფლს, რომელსაც ჩვენი სტანდარტის მიხედვით გადავამუშავებთ და საბოლოო ბრენდირებულ პროდუქტს ვაწარმოებთ“, - თქვა ღლონტმა და დასძინა, რომ მათი ძირითადი მიზანი, როგორც შიდა, ასევე საექსპორტო ბაზრისთვის ხარისხიანი თაფლის წარმოება წარმოადგენს.

ცნობისთვის, „ღლონტების თაფლი“ ქართულ ბაზარზე სხვადასხვა მაღაზიების ქსელებსა და სასტუმროებში ბრენდირებულად და ბითუმად იყიდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები