მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Glovo-ს დამფუძნებლებმა ვენჩურული ფონდი შექმნეს - შემოვა თუ არა ის საქართველოში?

საშა მიშო და ოსკარ პიერი

ონლაინვაჭრობის ესპანური გიგანტის, Glovo-ს დამფუძნებლებმა საშა მიშომ და ოსკარ პიერმა ახალი ვენჩურული ფონდი ჩამოაყალიბეს, რომლის ბიუჯეტი €30 მილიონი იქნება, სამიზნე ბაზარი კი - ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპები არიან. ფონდის ჩამოყალიბების ისტორიაზე და სამომავლო გეგმებზე Glovo-ს თანადამფუძნებელმა BMG-სთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ საინტერესო შემოთავაზების შემთხვევაში, ფონდი ქართულ სტარტაპებშიც განახორციელებს ინვესტიციას. საქართველოს მიმართ ინტერესს მხარს ის ფაქტიც ამყარებს, რომ თავად საშა მიშო წლებია, რაც “საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან” თანამშრომლობს, სადაც სხვადასხვა საგრანტო პროგრამებში ჟიურის წევრად მუშაობს.

“რამდენიმე წელია, რაც ლოკალური სტარტაპ ეკოსისტემის და GITA-ს ჟიურის წევრიც ვარ. ვუსმენ სტარტაპებს, რომლებსაც შესანიშნავი იდეები აქვთ. შეიძლება იდეა კარგი იყოს, მაგრამ ბიზნესმოდელი - არა, ასე რომ ხშირად, მათ ერთგვარ "წნეხშიც" ვამყოფებ. პირადად მე, რამდენიმე სტარტაპით ვარ დაინტერესებული, მაგრამ როგორც ენჯელ ინვესტორი, წლებია, ინვესტიციებს ვახორციელებ ჩემს პარტნიორთან და Glovo-ს თანადამფუძნებელთან, ოსკარ პიერთან ერთად. გვინდა, ეს პროცესი გავაგრძელოთ, რისთვისაც ვენჩურული კაპიტალის მცირე ფონდს ვაფუძნებთ, რომელიც €30 მილიონის ინვესტიციას განახორციელებს განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ სტარტაპებში. ძირითადად სამხრეთ ევროპაზე და საფრანგეთზე ვფოკუსირდებით, მაგრამ თუ შესაძლებლობა გამოჩნდება, ინვესტიციას სხვა რეგიონებშიც განვახორციელებთ, მათ შორის საქართველოში. ასე რომ თუ არსებობს ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპი, რომელსაც, ჩვენი აზრით, საერთაშორისო ზრდის დიდი პერსპექტივა აქვს, შესაძლოა, ეს შესაძლებლობად განვიხილოთ”, - ამბობს საშა მიშო BMG-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები