დღეს თბილისის მერმა გმირთა მოედანზე მოძრაობის ცვლილება დააანონსა. კერძოდ, კახა კალაძემ განაცხადა, რომ გმირთა მოედანზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებაში ცვლილებები შედის.
“ამ კვანძის ამჟამინდელი გეგმარებით, რამდენიმე მიმართულების კვეთა ხდება დარეგულირების გარეშე - ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან, ასევე, კოსტავას ქუჩისა და თამარ მეფის გამზირიდან, რაც ართულებს ნაკადების შეუფერხებელ გადაადგილებას. კვანძზე შუქნიშნის ობიექტის მოწყობით, არსებული ნაკადები დაიყოფა, რაც გააუმჯობესებს გამტარუნარიანობას”,-განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი, ვიქტორ წილოსანი დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ გმირთა მოედანზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ცალკე შუქნიშანი არ მოეწყობა. მისივე თქმით, სამუშაოების დაახლოებით სამ თვეში დასრულება.
“დეტალები ჯერ ცნობილი არ არის. ჯერჯერობით მხოლოდ წინასწარი მონახაზი არსებობს და მოდელირებაა გაკეთებული. “გმირთა მოედანი” ყველასთვის მტკივნეული საკითხია და აქ ძირითად პრობლემას გადაწყობა ქმნის. პირველი გადაწყობა თავად მოედანზე ხდება, როდესაც ამირეჯიბის ქუჩიდან გმირთა მოედნის ტერიტორიაზე გამოვდივართ და თამარ მეფისა და "ლაგუნა ვერეს” მიმართულებით გასვლის პროცესი მიმდინარეობს, ამ დროს პირველი შეფერხება მანდ ხდება და შემდეგ მოედნიდან სანაპიროზე გასვლისას კიდევ ფერხდება მოძრაობა. მიმდინარეობს საუბარი ამ გადაწყობების შუქნიშნით დარეგულირებაზე, რადგან ეს პროცესი ქაოსური არ იყოს. მუნიციპალური ტრანსპორტისთვის ცალკე შუქნიშანი არ იქნება, ამ ტერიტორიაზე სხვა ტიპის ჩარევა არ იგეგმება. ასევე, “ლაგუნა ვერეს” მოპირდაპირე ტერიტორიაზე არის “კუნძული” და მისი გაფართოება იგეგმება. პროექტირებას დაახლოებით თვენახევარი დასჭირდება და ალბათ იგივე პერიოდი სამუშაოებს”,- განაცხადა წილოსანმა BMGTV-ის ეთერში.