თბილისის საკრებულომ გმირთა მოედანთან მრავალფუნქციური ცენტრის პროექტს მხარი დაუჭირა. საკრებულომ განაშენიანების რეგულირების გეგმა 23 ხმით 5-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
გრგ-ს დამტკიცების შემდეგ მშენებლობის ნებართვის მისაღებად საკითხი მერიაში დაბრუნდება.
პროექტს განხილვის პროცესში თან ახლდა საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების და ურბანისტების ნაწილის მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა. მათ შორის, გეგმა ენმ-ს საკრებულოს დეპუტატების მხრიდან სასამართლოშია გასაჩივრებული.
შეგახსენებთ, თავდაპირველი არქიტექტურული პროექტის მიხედვით, ცათამბჯენის სიმაღლე 65 სართული უნდა ყოფილიყო, რაზეც შესაბამისი სამსახურის მიერ უარყოფითი დასკვნა გაიცა, რის შემდეგაც კომპანიამ განახლებული პროექტი წარადგინა, სადაც ცათამბჯენის სიმაღლე 52 სართულამდე შემცირდა. ამასთან, კომპანია ითხოვდა შეცვლილი აღნიშნული მიწის ფუნქციური სტატუსი, რაც ამჟამად “რეკრეაციული ზონა 2”-ია. დამკვეთი საგამონაკლისო სახით საცხოვრებელი ფუნქციის k2 კოეფიციენტის 50%-იან მატებასა ითხოვს. დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ნამატი 50%-ის 4% მუნიციპალიტეტს ან თანხის სახით, ან თეთრი კარკასის მდგომარეობით გადაეცემა.