კვლევითმა ინსტიტუტმა Gnomon Wise-მა გამოაქვეყნა კვლევა: „ბოლო ათწლეულის რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება, რომლებმაც ქართული მედია შეასუსტეს“.
კვლევაში გაანალიზებულია ის საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებმაც ნეგატიური გავლენა მოახდინეს მედია საშუალებების, მეტწილად ტელე და რადიო მაუწყებლების შემოსავლებზე. ფინანსურად ისედაც არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფი ქართული მედია -კომპანიებისთვის, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მფლობელთა დაფინანსებაზეა დამოკიდებული, მსგავსი შეზღუდვები ქმნის სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის რისკებსაც.
გარდა ფინანსური ნაწილისა, სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, გაიზარდა მედიაზე მარეგულირებელი ორგანოს - კომუნიკაციების კომისიის ზემოქმედების შესაძლებლობებიც. კომისიას მიეცა მედიის მიერ მომზადებულ პროდუქციაზე, ასევე რეკლამის შინაარსზე მსჯელობისა თუ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების უფრო მეტი ბერკეტი.
დოკუმენტში განხილული რიგი საკანონმდებლო რეგულაციების ნეგატიური შედეგები დღეს უკვე სახეზეა, ზოგიერთი მათგანი კი, პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს მედიის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის.
ვრცლად კვლევის მიგნებებს შეგიძლიათ გაეცნოთ კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise-ის ვებ-გვერდზე