მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სოფლის მეურნეობაში მიზნების მისაღწევად საჭიროა საბაჟო/საგადასახადო შეღავათების სახით სამთავრობო მხარდაჭერის შეწყვეტა"

მიწა სოფლის მეურნეობა

gnomonwise აქვეყნებს კვლევას, რომელიც სოფლის მეურნეობის რეფორმირების ზოგადი პრინციპებისა და ამ პრინციპების დანერგვის მოსალოდნელი შედეგების აღწერას წარმოადგენს.

როგორც კვლევაში წერია, მიუხედავად მრავალი სუბსიდიისა და შეღავათისა, სოფლის მეურნეობა კვლავაც არაეფექტიან სექტორად რჩება. დოკუმენტი 83-გვერდიანია და მოიცავს როგორც საქართველოში არსებული ვითარების აღწერას, ისე სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას.

კვლევაში მიმოხილული ვითარებების ფონზე ავტორები ამბობენ, ეკონომიკაში წლების განმავლობაში აგროდასაქმებისა და აგრარული სექტორის წილის მუდმივი შემცირების მიუხედავად, დღემდე საქართველო განვითარებული ქვეყნებისგან ძალიან შორს არის.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებამ აჩვენა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, აგრარული სექტორის განვითარების ტემპი დაბალია. არსებული რთული მდგომარეობა კი დარგის რეფორმირების აუცილებლობას უსვამს ხაზს.

ამასთან, იმ ქვეყნებში, სადაც მასშტაბური რეფორმები განხორციელდა, სოფლის მეურნეობის დახმარება მცირეა, ხოლო პროდუქტიულობა - გამორჩეულად მაღალი. ასეთი ქვეყნებია ახალი ზელანდია, ავსტრალია, ჩილე, ბრაზილია და შვედეთი. შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ სოფლის მეურნეობის წარმატებული რეფორმები საბაზრო პრინციპებზე ორიენტირებული ცვლილებები იყო. ასეთ ცვლილებებს შორისაა სოფლის მეურნეობის წარმოებაში გამოყენებული რესურსების სუბსიდირების შეწყვეტა ან შემცირება, საბაზრო ინტერვენციების გაუქმება, ფასებისა და წარმოების კონ­ტრო­ლის მოშლა, სავაჭრო ბარიერების შემცირება, თანაბარი საგადასახადო რეჟიმის უზრუნველყოფა და სხვა მსგავსი ღონისძიებების გატარება.

ევროკავშირის საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის რეფორმების ანალიზმა აჩვენა, რომ ერთიანი პოლიტიკის მიდგომა, დროთა განმავლობაში, საბაზრო პრინციპებთან შესაბამისი მიდგომებისკენ იხრებოდა და ქვეყნები უარს ამბობდნენ სხვადასხვა სახის სუბსიდირებაზე. რამდენიმე ფართო მასშტაბიანი ცვლილების შემდეგ, ევროპის კავშირის სოფლის მეურნეობის პოლიტიკა დღეს უშუალოდ აქტიური ფერმერის მხარდაჭერაზეა ფოკუსირებული. ამგვარი დახმარების მიღება კი წარმოებისგან დამოუკიდებელ ფაქტორზე, მიწაზეა მიბმული, რაც ფერმერების ეკონომიკური სტიმულების ნაკლებ დეფორმაციას იწვევს. ამასთან, რეფორმების შედეგების შესწავლისას გამოიკვეთა, რომ განხორციელებულმა ცვლილებებმა მნიშვნელოვნად შეამცირა სექტორის საბიუჯეტო დახმარება და ხელი შეუწყო პროდუქტიულობის ზრდას.

განხილულ გამოცდილებებსა და აკადემიურ კვლევებზე დაყრდნობით, ორი საარჩევნო ციკლის ფარგლებში, განისაზღვრა რეფორმის სამიზნე მაჩვენებლები, რომლებიც ევროპის კავშირში არსებული საშუალო მაჩვენებლებია. კერძოდ, რეფორმის მიზანია მთლიან დასაქმებაში სოფლის მეურნეობის წილის 4.5%-მდე კლება, მთლიან შიდა პროდუქტში აგრარული სექტორის წვლილის 1.4%-მდე შემცირება, საშუალო ფერმის ზომის 17.4 ჰექტრამდე გაფართოება და მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, სექტორის საბიუჯეტო დახმარების 0.48%-მდე შემცირება.

"ჩამოთვლილი მიზნების მისაღწევად საჭიროა ისეთი სამთავრობო მხარდაჭერის შეწყვეტა, როგორიცაა საბაჟო და საგადასახადო შეღავათები. ამასთან, აუცილებელია სუბსიდიების მსხვილი პროგრამების გაუქმება და სანაცვლოდ, ფერმერთა პირდაპირი დახმარების მექანიზმის დანერგვა.

აღსანიშნავია, რომ შემოთავაზებული რეფორმები არა მხოლოდ გაზრდის ეკონომიკურ ეფექტიანობას, არამედ პოლიტიკურადაც მოგებიანია. კერძოდ, ეკონომიკური არგუმენტების გარე­შე გაკეთებული პოპულისტური დაპირებების ნაცვლად, პოლიტიკოსებს საშუალება ეძლევათ, სექტორში დასაქმებულ პირებს, კონკრეტულ გათვლებზე დაყრდნობით, პირდაპირი ფულადი დახმარება შესთავაზონ. ეს უბიძგებს ფერმერებს, რომ მეტად განავითარონ თავიანთი მეურნეობა, ან ნაკლებად ეფექტიანი სექტორიდან უფრო ეფექტიან სექტორში დასაქმდნენ და გაზარდონ პირადი და ოჯახის კეთილდღეობა", - მიიჩნევენ კვლევის ავტორები.

საქართველოს სოფლის მეურნეობის რეფორმირების მიმართულება

კვლევის ავტორები არიან ზვიად ხორგუაშვილი და ეგნატე შამუგია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები