საქართველოში, კერძოდ, ნატახტარში ფუნქციური და სპორტული სასმელების საწარმო შენდება.
როგორც BMGTV-ს გადაცემა „წერტილში“ ბიზნესმენმა დავით კილაძემ განაცხადა, პროექტში უკვე ჩადებულია 6 მილიონი ლარი, ხოლო დასრულებისთვის დამატებით 1 მილიონი ლარია საჭირო.
ბიზნესმენის ინფორმაციით, სპორტული სასმელების საწარმოს სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერითა და ამერიკელი პარტნიორების ჩართულობით აშენებს.
„ნატახტარში ინოვაციური საწარმოს მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. ახალი ბრენდი Go Time ბაზარზე ელექტროლიტური ხსნარებით შემოვა, რომლებიც გამოიყენება სწრაფი რეჰიდრატაციისთვის როგორც სპორტსმენებში, ისე - სამედიცინო დანიშნულებით“, - ამბობს დავით კილაძე, რომელიც მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ფარმაცევტული კომპანია „ჯი პი სის“ დამფუძნებელია.

საწარმოს მფლობელი გეგმავს, რომ პირველი პილოტური პარტიები მიმდინარე წლის ბოლომდე გამოუშვას.
„ამერიკელი პარტნიორები გვყავს და მათი დარწმუნება, რომ ჩვენი ქვეყანა შეიძლება იყოს კარგი ფორპოსტი რეგიონალური განვითარებისთვის, ძალიან დიდი ენერგია დაჯდა“, - ამბობს მეწარმე, რომელსაც საექსპორტო გეგმები აქვს.
სხვა მწარმოებლების მსგავსად, ბიზნესმენმა დავით კილაძემაც უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ სახელმწიფოს მხრიდან მწარმოებლებთან კომუნიკაცია არ შემდგარა. ის უარყოფს ოფიციალური პირების განცხადებებს, თითქოს რეგულაცია ბიზნესთან კოორდინაციით მომზადდა.
„პირველად გავიგე იმ დღეს, ორი-სამი დღის უკან... ხატზე შემიძლია დავიფიცო, რომ ჩემთვის არავის არაფერი არ უკითხავს. ვინ იცოდა, არ ვიცი; მე არ ვიცოდი", - აცხადებს ის.
„წერტილთან“ ინტერვიუში დავით კილაძემ საკმაოდ მწვავედ გააკრიტიკა ხელისუფლების გეგმა, რომელიც პლასტიკის ბოთლებში სასმელის წარმოებას და რეალიზაციას კრძალავს, მაგრამ მიუხედავად ახალი რეგულაციისა, ბიზნესმენი პროექტის გაჩერებას არ აპირებს. მისი სტრატეგია პირველ ეტაპზე ექსპორტზე ორიენტირებას გულისხმობს, პარალელურად კი, მზად არის ხელისუფლებასთან დიალოგისთვის, რათა დაამტკიცოს, რომ გარემოზე ზრუნვა არა - აკრძალვებით, არამედ პლასტიკის ნარჩენების გადამუშავებით იწყება.
„ჩვენ დავასრულებთ ამ პროექტს, ვიქნებით პირველ ეტაპზე ორიენტირებული ექსპორტზე და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ რაღაცა საღი აზრი ჩამოყალიბდეს... გარემოზე ზრუნვა იწყება ჯერ ნარჩენების სეპარირებით, შეგროვებით, შემდეგ მისი გადამუშავებით“, - ამბობს ის.
დავით კილაძემ „წერტილთან“ ინტერვიუში ასევე თქვა, რომ აქვს ამბიციური გეგმა, რომელიც სპორტული სასმელების საწარმოში მოხმარებული პლასტიკის გადამუშავებას და მისი სამედიცინო დანიშნულებით გამოყენებას გულისხმობს.
„პეტ-ბოთლების გადამუშავებით ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ სამედიცინო სახარჯი მასალა, საინფუზიო ხსნარების ბეგები... ჩვენი პროექტი ამასაც გულისხმობდა. ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ ჩვენ მიერ მოხმარებული პლასტიკატები გადავამუშაოთ და გამოვიყენოთ ჩვენივე წარმოების სივრცეში“, - აღნიშნა მან.
დავით კილაძემ, რომელიც პროფესიით მედიცინის მეცნიერებათა დოქტორია, „წერტილთან“ ინტერვიუში არაერთხელ გაიმეორა, რომ პლასტიკის აკრძალვის გადაწყვეტილება ნაჩქარევი იყო.
მისი თქმით, უსაფრთხოების ნორმების გამო, სპორტული სასმელების შუშის ბოთლებში წარმოება პრაქტიკულად შეუძლებელია.
„ამ კატეგორიის სასმელი მთელ მსოფლიოში იწარმოება პეტ-ბოთლებში. რატომ? იმიტომ, რომ სპორტსმენისთვის შუშის ბოთლის გამოყენება არის შეუძლებელი. ელემენტარულად შეიძლება ველოტრეკზე ან კალათბურთის მოედანზე გატყდეს... ამდენად, თუ [პლასტიკის ბოთლში სასმელის წარმოება, რეალიზაცია ან იმპორტი აიკრძალება], ეს კატეგორია საერთოდ გაქრება ჩვენს ბაზარზე“, - განაცხადა მან.
ბიზნესმენის განმარტებით, შუშის ბოთლებზე გადასვლა არა მხოლოდ წარმოების პროცესს აძვირებს, რაც მომხმარებელზეც აისახება, არამედ რთულ ლოგისტიკურ ჯაჭვს ქმნის.
„შუშის ბოთლი უფრო ნაკლები ეტევა ერთ მანქანაში, ვიდრე პლასტმასის... ეს ნიშნავს დისტრიბუციაში დამატებით მანქანას, დამატებით ხარჯს, დამატებით კადრს და ტრეფიკს“, - ამბობს ის.
ამასთან, მეწარმე მიესალმა ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას, რომლის თანახმად, არაა გამორიცხული პლასტიკის აკრძალვის რეგულაცია გადაიხედოს.
ინტერვიუს დასასრულს, დავით კილაძემ ხაზი გაუსვა, რომ ბიზნესი და სახელმწიფო ერთმანეთის პარტნიორები უნდა იყვნენ და არა - დაპირისპირებული მხარეები.
„ბიზნესი კი არ უნდა ადაპტირდებოდეს, ბიზნესი და სახელმწიფო ერთად აკეთებენ ქვეყნის საქმეს. ეს არის ჯანსაღი საზოგადოების მიდგომა... არ შეიძლება ჩაიკეტო კაბინეტში და იცოდე ყველაფერი, გამორიცხულია ეს ამბავი... გადაწყვეტილებამდე ვისაუბროთ, გავმართოთ დიალოგი და არა მერე - ფორსირებულ რეჟიმში“, - აცხადებს მეწარმე.




























