მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GOGC -ი ნავთობს ყიდის - რა ღირს ქართული ნავთობი?

63752426db582
ნინო ტაბატაძე
16.11.22 23:45
1464
„ნავთობისა და გაზის კორპორაცია”, საქართველოში მოპოვებული და წილობრივი განაწილებით სახელმწიფოსთვის გადასაცემი ნავთობიდან,  10 000 ტონამდე ნედლი ნავთობის გასაყიდად აუქციონს ატარებს.

გასაყიდად გამოტანილი ნავთობიდან დაახლოებით 8 000 ტონა Georgian Light -ის ტიპის ნავთობია, 2 000 ტონა - Georgian Heavy -ის ტიპია.

აუქციონის პირობებით, ერთი ბარელი ნედლი ნავთობის საბოლოო ღირებულება აშშ დოლარში გამოიანგარიშება. ფიქსირებული ფასი ცნობილი არ არის. ფასის გაანგარიშება მოხდება ხელშეკრულების გაფორმების დღეს და მის მომდევნო ორ დღეს S&P Global -ის მიერ გამოქვეყნებული Urals CIF Med – Georgian Heavy -ის და Dated Brent – Georgian Light -ისთვის დღიური საშუალო ფასების, საშუალო არითმეტიკულ მნიშვნელობას გამოკლებული აუქციონით დადგენილი დისკაუნტი.

რაც შეეხება ფასდაკლებას, აუქციონის მონაწილეებს შორის ვაჭრობა გაიმართება კორპორაციის მიერ წარმოდგენილი დისკაუნტის 5.50 აშშ დოლარის მიმართ სავაჭრო 0,20 დოლარის ბიჯით შემცირებით.

აუქციონში გამარჯვებულად ის კომპანია გამოცხადდება, რომელიც ერთი ბარელი ნავთობის ყიდვისათვის კორპორაციას სხვა მონაწილეებთან შედარებით ნაკლებ დისკაუნტს შესთავაზებს.

პირობის მიხედვით, რამდენიმე შემთხვევაში, როდესაც ნავთობის მიწოდებისას გამყიდველს მოუწევს დამატებითი ხარჯების გაღება, აუქციონზე ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებულ დისკაუნტს გამოაკლდება 1 აშშ დოლარის ფასდაკლება ერთ ბარელ ნავთობზე, შესაბამისად, მიღებული ოდენობა იქნება ერთი ბარელი ნავთობის გასაყიდი ფასი.

რა ღირს დღეს Georgian Light -ს და Georgian Heavy -ის მარკის ნავთობი?

როგორც ნავთობის სხვა მარკებზე იცვლება ყოველდღიურად ფასი, ასევე ცვალებადია ამ ტიპის ნავთობის ფასებიც.

15 ნოემბრის პლატსის მიერ გამოქვეყნებული 1 ბარელი Dated Brent -ის და Urals CIF Med-ის ტიპის ნავთობის დახურვის ფასი იყო:

Dated Brent - 93.94 აშშ დოლარი;
Urals CIF Med – 69.35 აშშ დოლარი;

აღსანიშნავია, რომ ივნისს თუ შევადარებთ, ისევე როგორც ნავთობის სხვა მარკების შემთხვევაში, მკვეთრად არის გაიაფებული ამ ტიპის ნავთობიც. მაგალითად, 16 ივნისს Dated Brent 124.275 აშშ დოლარი ღირდა, ხოლო Urals CIF Med - 84.61 აშშ დოლარი. შესაბამისად, 15 ივნისთან შედარებით Dated Brent -ის ფასი 30.3 დოლარით, Urals CIF Med -ის ფასი 15.27 დოლარით არის შემცირებული.

ამ ფასით, რა თქმა უნდა, ჩვენ კორპორაციის მიერ გასაყიდი ნავთობის ფასს ვერ განვსაზღვრავთ, რადგან აუქციონის დღეს შესაძლოა სხვა ფასი იყოს და ვაჭრობისას სხვა დამატებითი ფაქტორებიც იქნება მნიშვნელოვანი.

10 000 ტონა ნედლი ნავთობის რეალიზაციისთვის აუქციონი 30 ნოემბერს გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები