მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GOGC 10 000 ტონამდე ნედლ ნავთობს აუქციონზე ყიდის - რა ღირს ქართული ნავთობი?

62add4974b822
ნინო ტაბატაძე
18.06.22 19:42
10429
„ნავთობისა და გაზის კორპორაცია” 10 000 ტონამდე ნედლი ნავთობის გაყიდვისთვის აუქციონს ატარებს.

აღნიშნული ნავთობი კორპორაციას კონტრაქტორი კომპანიებისგან წილობრივი განაწილებით ეკუთვნის. გასაყიდად გამოტანილი ნავთობიდან დაახლოებით 8 000 ტონა Georgian Light -ის ტიპის ნავთობია, 2 000 ტონა - Georgian Heavy -ის ტიპია.

აუქციონის პირობებით, ერთი ბარელი ნედლი ნავთობის საბოლოო ღირებულება აშშ დოლარში გამოიანგარიშება. ფიქსირებული ფასი ცნობილი არ არის. ფასის გაანგარიშება მოხდება ხელშეკრულების გაფორმების დღეს და მის მომდევნო ორ დღეს S&P Global -ის მიერ გამოქვეყნებული Urals CIF Med – Georgian Heavy -სა და Dated Brent – Georgian Light -ისთვის დღიური საშუალო ფასების, საშუალო არითმეტიკულ მნიშვნელობას გამოკლებული აუქციონით დადგენილი დისკაუნტი.

რაც შეეხება ფასდაკლებას, აუქციონის მონაწილეებს შორის ვაჭრობა გაიმართება “კორპორაციის” მიერ წარმოდგენილი დისკაუნტის 5.70 აშშ დოლარის მიმართ სავაჭრო 0,20 დოლარის ბიჯით შემცირებით.

აუქციონში გამარჯვებულად ის კომპანია გამოცხადდება, რომელიც ერთი ბარელი ნავთობის ყიდვისათვის კორპორაციას სხვა მონაწილეებთან შედარებით ნაკლებ დისკაუნტს შესთავაზებს.

რა ღირს დღეს Georgian Light -ს და Georgian Heavy -ის მარკის ნავთობი?

როგორც ნავთობის სხვა მარკებზე იცვლება ყოველდღიურად ფასი, ასევე ცვალებადია ამ ტიპის ნავთობის ფასებიც.
16 ივნისს პლატსის მიერ გამოქვეყნებული 1 ბარელი Dated Brent -სა და Urals CIF Med-ის  ტიპის ნავთობის  დახურვის ფასი იყო:

Dated Brent - 124.275 აშშ დოლარი
Urals CIF Med - 84.61 აშშ დოლარი

ამ ფასით, რა თქმა უნდა, ჩვენი გასაყიდი ნავთობის ფასს ვერ განსაზღვრავს, რადგან აუქციონის დღეს შესაძლოა სხვა ფასი იყოს და ვაჭრობისას სხვა დამატებითი ფაქტორებიც იქნება მნიშნელოვანი.

10 000 ტონა ნედლი ნავთობის რეალიზაციისთვის აუქციონი 28 ივნისის 15:00 საათზე კორპორაციის ოფისში გაიმართება.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები