მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GOGC-ი მზის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს

მზის ელექტროსადგური

ნავთობისა და გაზის კორპორაცია მზის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს. საუბარია სართიჭალაში 6.13 მეგავატიანი მზის ელექტროსადგურის მშენებლობაზე, რისთვისაც კორპორაცია KfW-ს დაფინანსებით საერთაშორისო პრეკვალიფიკაციას აცხადებს.

მზის ელექტროსადგური მწვანე წყალბადის წარმოება/გამოყენების პროექტის ნაწილია. როგორც კორპორაციაში BMG -ის განუმარტეს, 2023 წლიდან, ტრადიციული საქმიანობის გარდა GOGC -ი განახლებადი ენერგიების, მათ შორის, მწვანე წყალბადის წარმოება/გამოყენების განვითარებითაც დაკავდა.

კერძოდ, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ქმნის მწვანე წყალბადის პროექტის სრულ პაკეტს/ჯაჭვს, რაც გულისხმობს როგორც მწვანე წყალბადის დეპოს მშენებლობას ქალაქ ბათუმში, ისე ელექტროლიზისთვის საჭირო ელექტროენერგიის წყაროების შექმნას. სწორედ ამ მიზნით გადაწყდა სართიჭალის მზის ელექტროსადგურის კვლევა-მშენებლობა და ოპერირება. სართიჭალის მზის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 6.13 მეგავატია.

„სადგური აშენდება საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის კუთვნილ მიწაზე გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სართიჭალაში. პროექტის ინვესტიციის სავარაუდო ღირებულება 5 მლნ. აშშ დოლარია. პროექტის კვლევისა და მშენებლობის ეტაპები მთლიანად ფინანსდება გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მიერ. ამჟამად სართიჭალის მზის ელექტროსადგურის სრული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისათვის გამოცხადებულია საერთაშორისო საკვალიფიკაციო ეტაპი, სადაც შეირჩევა 5 საუკეთესო კომპანია, რომელიც საბოლოო ტენდერში მიიღებს მონაწილეობას. საკვალიფიკაციო ეტაპიც და ტენდერიც მთლიანად წარიმართება kFW-ს პრინციპებითა და შესყიდვის კანონმდებლობით.

სართიჭალის მზის ელექტროსადგური ქვეყანას მოუტანს დამატებით 9,5 მილიონ კვტ.სთ მწვანე ენერგიას და გაზრდის განახლებადი ენერგიების წილს ენერგეტიკულ ბალანსში, მისცემს საშუალებას აწარმოოს და გაყიდოს დამატებით 9 000 წარმოშობის სერტიფიკატი ევროპულ ბაზარზე, შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს“, - განმარტავენ კორპორაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები