მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Goldman Sachs კრიპტოაქტივების და კომპანიების ყიდვას გეგმავს

638f2f8fc52a3
გიორგი თოლორდავა
07.12.22 01:00
704
მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკი Goldman Sachs-ი FTX-ის კოლაფსით სარგებლობას და გაკოტრების პირას მყოფი კრიპტო პლატფორმებისა და კომპანიების ყიდვის გეგმავს.

Reuters-თან ინტერვიუში Goldman-ის ციფრული აქტივების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მეთიუ მაკდერმოტმა განაცხადა, რომ ბანკი მილიონობით დოლარის გამოყოფას გეგმავს კომპანიებისა და კრიპტოაქტივების შესასყიდად.

მაკდერმოტის განმარტებით, ამჟამად ბაზარი განსაკუთრებით მიმზიდველია, რადგან FTX-ის კოლაფსის გამო კრიპტოაქტივების ფასები მკვეთრად შემცირდა, რამდენიმე მსხვილი კომპანია კი გაკოტრების პირასაა, რაც Goldman Sachs-ის მსგავსი ორგანიზაციებისთვის საინტერესო საინვესტიციო შესაძლებლობებს ქმნის.

აღსანიშნავია, რომ Goldman-ს უკვე აქვს განხორციელებული ინვესტიცია ათამდე კრიპტო და ბლოკჩეინ კომპანიაში, ამჯერად კი ბანკს საინვესტიციო პორტფელის გაფართოება სურს.

Goldman Sachs-ის გენერალური დირექტორის, დევიდ სოლომონის განცხადებით, კრიპტოვალუტები ისევ სპეკულაციურ აქტივებად რჩება, თუმცა ბლოკჩეინ და კრიპტო ტექნოლოგიაში ნამდვილად არის ღირებული ფუნდამენტი, რომელსაც განვითარების პოტენციალი აქვს.

1869 წელს დაფუძნებული Goldman Sachs-ი უოლ-სტრიტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც ამჟამად 1.5 ტრილიონი დოლარის აქტივებს აკონტროლებს, უშუალოდ ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 126 მილიარდ დოლარს შეადგენს.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები