ირანის წინააღმდეგ ომის მიმდინარეობის და ნავთობის მკვეთრი გაძვირების მიუხედავად, Goldman Sachs-ის ანალიტიკოსებმა ამერიკული S&P 500 Index-ის წლიური პროგნოზი მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს. საინვესტიციო ბანკში მოელიან, რომ 2026 წლის ბოლოსთვის ინდექსის მაჩვენებელი 7,600-იან ნიშნულს მიაღწევს, ანუ ამჟამინდელ შეფასებასთან შედარებით ზრდა 15% იქნება.
Goldman-ის ოპტიმისტური ხედვა კორპორაციული მოგების სტაბილურ ზრდას, ტექნოლოგიური სექტორის დომინაციასა და აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის დინამიკას ეფუძნება. ბანკის სტრატეგების განმარტებით, ამერიკული ბიზნესი ამჟამად ისეთი ძლიერია, რომ ის ყველა გეოპოლიტიკურ თუ ენერგეტიკულ გამოწვევას მარტივად გადალახავს.
მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე არსებობს შიში ინფლაციის დაჩქარებისა და მაღალი საპროცენტო განაკვეთების დაწესების შესახებ, Goldman Sachs-ის ანალიტიკური დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ ამერიკული ეკონომიკის მდგრადობა ამ რისკებს გადაწონის და წამყვანი კომპანიები მაინც რეკორდული შედეგების დაფიქსირებას შეძლებენ.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ტექნოლოგიური გიგანტების გარდა, ზრდის ტენდენციაში სულ უფრო მეტად ერთვებიან სხვა სექტორები და საშუალო ზომის ბიზნესებიც, რაც ბაზრის დივერსიფიკაციასა და მის გაჯანსაღებაზე მიუთითებს.




























