დღეს გლობალური საფონდო ინდექსების შეფასება მკვეთრად იზრდება და თან აღნიშნული ტენდენცია თითქმის ყველა რეგიონში ერთნაირად შეინიშნება.
მაგალითად, აზიის რეგიონში იაპონური Nikkei 225 თითქმის 3%-ით გაიზარდა, Asia Dow-ს დაახლოებით 4%-იანი ზრდა აქვს, ხოლო ჩინური ინდექსების შეფასება 2%-ით არის მომატებული.
აგრეთვე დადებითი ტენდენცია იკვეთება ევროპაში, სადაც Stoxx 600 დღეს 2%-ით გაიზარდა, FTSE, DAX და IBEX კი დაახლოებით 2.5%-ით არის გაზრდილი.
აშშ-ის საფონდო ბირჟას რაც შეეხება, გუშინ საშუალოდ 1%-იანი ზრდა დაფიქსირდა, დღეს კი წინასავაჭრო სესიაზე დამატებით 0.5%-იანი მატების დინამიკა იკვეთება.
საერთო ჯამში, მსოფლიოს მასშტაბით ინვესტორების განწყობის გაუმჯობესება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას უკავშირდება, რომელიც ფიქრობს, რომ ირანის წინააღმდეგ ომი ძალიან მალე დასრულდება.
აგრეთვე, ტრამპი პირობას დებს, რომ აშშ თავად უზრუნველყოფს ჰორმუზის სრუტეში სანავთობო ტანკერების უსაფრთხოებას, რაც ენერგეტიკული კრიზისის დაწყების რისკებს ამცირებს.




























