საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) გონიოში მართვის მოწმობის საგამოცდო მოედნების მოწყობისა და მომსახურების სააგენტოს შენობების მშენებლობისთვის ტენდერს აცხადებს. წინადადებების მიღება 21 თებერვალს დაიწყო და 26 თებერვალს დასრულდება.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 24 977 500 ლარია.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საუბარია ტერიტორიაზე, რომლის საერთო ფართი 61017 კვ.მ, ხოლო განაშენიანების ფართი 39100 კვ.მ-ია. პროექტის მიხედვით, უნდა აშენდეს ორი საგამოცდო მოედანი: დიდი - 7000 კვ.მ და პატარა - 3000 კვ.მ; ასევე, უნდა აშენდეს ადმინისტრაციული შენობა და ავტოსადგომიც.
შესყიდვის ობიექტის მიწოდების სრული საორიენტაციო ვადაა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან 1005 კალენდარული დღე. მათ შორის: 285 კალენდარული დღე განსაზღვრულია დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების შესასრულებლად (დოკუმენტაციის მომზადება). 720 კალენდარული დღე კი განსაზღვრულია დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად.