Google-ი გერმანიაში, ისტორიაში ყველაზე დიდი ინვესტიციისთვის ემზადება. ინფორმაციას გამოცემა Reuters-ის ავრცელებს და ეყრდნობა გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლის კომენტარს. როგორც ირკვევა, ოფიციალური განცხადება 11 ნოემბერს გაკეთდება, რა დროსაც სიტყვით არამარტო Google-ის ხელმძღვანელი, არამედ გერმანიის ფინანსთა მინისტრი ლარს კლინგბაილი გამოვლენ.
მართალია, მხარეები ინვესტიციის მოცულობას არ ასაჯაროებენ, თუმცა ცნობილია, რომ კოლოსალური მოცულობის თანხები ე.წ. დატა ცენტრების აგებას და განახლებადი ენერგიის ობიექტების აგებას მოხმარდება. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ინფრასტრუქტურა მიუნხენში, ფრანკფურტსა და ბერლინში აიგება.
მასშტაბური საინვესტიციო პროექტების განხორციელებით Google-ი ევროპაში პოზიციების გამყარებას და ბაზარზე დომინირებას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით კიდევ ერთი პროექტი დიდ ბრიტანეთში დაანონსდა, სადაც ამერიკული ტექ-გიგანტი $6.8 მილიარდის ინვესტიციას ჩადებს და ახალ დატა ცენტრებს ააშენებს, რათა კუნძულოვან სახელმწიფოს ქლაუდ სერვისებზე წვდომა გაუზარდოს და მისი ამერიკულ ინფრასტრუქტურაზე დამოკიდებულება შეამციროს. სავარაუდოდ, სწორედ ამ ფორმის შეთანხმებაზეა საუბარია გერმანიის ხელისუფლებასა და Google-ის ხელმძღვანელობას შორის, თუმცა ძირითადი დეტალების, მათ შორის, ინვესტიციის მოცულობის შესახებ ინფორმაცია 11 ნოემბრამდე არ გახდება ცნობილი.




























