მიმდინარე წლის ივლისში, Google-მა ნიუ-იორკში ბაზირებული ისრაელური ტექნოლოგიური სტარტაპის, Wiz-ის შეძენა გადაწყვიტა, რაც ლარი პეიჯისა და სერგეი ბრინის მიერ დაფუძნებული კომპანიის ყველაზე დიდი გარიგება უნდა ყოფილიყო.
Google-ი მზად იყო კომპანიის სანაცვლოდ $23 მილიარდი გადაეხადა, მაგრამ, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, Wiz-ის აქციონერებმა ამ გულუხვ შეთავაზებაზე უარი განაცხადეს. როგორც Wiz-ის თანადამფუძნებელმა, ასაფ რაპაპორტმა იმ დროს განაცხადა, მას ორი მიზანი აქვს: კომპანია მილიარდიან წლიურ შემოსავალზე გაიყვანოს და შემდეგ, მისი აქციები საფონდო ბირჟაზე განათავსოს.
Wiz-ის საჯარო კომპანიად გადაკეთების იდეა, როგორც ჩანს, არსად გამქრალა, რადგან, როგორც ჩანს, $1-მილიარდიან წლიურ შემოსავალზე 2025 წელს გავა. როგორც Wiz-ის თანადამფუძნებელი, როი რეზნიკი ამბობს, კომპანიას ამ დრომდე არაერთი რეკორდი დაუმყარებია და ამ ტენდენციის გაგრძელებას მომავალშიც გეგმავს. 2022 წელს კომპანიის შემოსავალმა $100 მილიონი შეადგინა, როცა თვრამეტი თვით ადრე, Wiz-მა მხოლოდ $1 მილიონი დააგენერირა. წელს, კომპანია $500-მილიონიან შემოსავალზე გასვლას პროგნოზირებს და მომავალ წელს ამ მაჩვენებლის გაორმაგება სურს, რადგან ეს მთავარი წინაპირობაა, რომელიც კომპანიამ IPO-მდე უნდა შეასრულოს.
ბევრი სხვა ისრაელური სტარტაპის მსგავსად, Wiz-იც კიბერუსაფრთხოების სფეროში ოპერირებს. Wiz-ის პროგრამული უზრუნველყოფა AWS-ის და Microsoft Azure-ის მსგავს პროვაიდერებს უკავშირდება და ამოწმებს ყველაფერს, რასაც ისინი ქლაუდში ინახავენ, რითაც დატაცენტრების ოპერატორი კომპანიები მომხმარებლის მხარეს არსებულ რისკებს აზღვევენ. კომპანია ოთხმა ისრაელელმა დააფუძნა, რომლებსაც, კარიერის დიდი ნაწილი ისრაელის სამხედრო დაზვერვაში აქვთ გატარებული.