მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google-ის სტარტაპ-პროგრამის წევრები ვართ, რაც $100,000-იან მხარდაჭერას ნიშნავს - BilikiAI

გიორგი ცირამუა
სტატიაში საუბარია:

ერთ-ერთი პრობლემა, რომელსაც მოგზაურობისას ვაწყდებით - დაგეგმარებაა, რადგან ჩვენთვის უცნობი კულტურის მქონე უცხო ქვეყანაში გარკვევა, როგორც წესი, საკმაოდ რთული და სტრესულია. ამ პრობლემის გადაჭრაზე ქართული სტარტაპი BilikiAI მუშაობს, რომელმაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ისეთი სერვისი შექმნა, რომლითაც სამოგზაურო ტურის დაგეგმვა რამდენიმე წამში არის შესაძლებელი.

“BilikiAI ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც რამდენიმე დღის მარშრუტის გეგმას რამდენიმე წამში აგენერირებს. პლატფორმა მოსანახულებელ ადგილებს და საკვებ დაწესებულებებს გირჩევთ და მდგრადი, ეკომეგობრული სასტუმროების დაჯავშნის საშუალებას გაძლევთ”, - განაცხადა BilikiAI-ის თანადამფუძნებელმა, გიორგი ცირამუამ TECH INFORM-ში.

სამოგზაურო ტურების დასაგეგმად, ქართული სტარტაპი Google-ის ხელოვნურ ინტელექტს, Gemini-ს იყენებს, რომელსაც, როგორც გიორგი ცირამუა ამბობს, უფრო მეტი ინფორმაციის დამუშავება შეუძლია, ანუ BilikiAI-ისთვის ის უფრო ეფექტიანია. ამავდროულად, ქართული კომპანია Google-ის სტარტაპ-პროგრამის წევრიცაა, რაც ნიშნავს, რომ ამერიკული კომპანიის სერვისებს BilikiAI უფასოდ იყენებს.

“Google-ის ხელოვნურ ინტელექტს, Gemini-ის ვიყენებთ. Google-ის სერვისებს მანამდეც ვიყენებდით, მაგრამ Gemini რომ ჩაეშვა, ამ პლატფორმაზე გადასვლა გადავწყვიტეთ. ის საკმაოდ სწრაფი და ჭკვიანია და ბევრად დიდ ინფორმაციას გვაძლევს.

ამავდროულად, ჩვენ Google-ის სტარტაპ-პროგრამის წევრები ვართ, რისი წყალობითაც, მთელი წლის განმავლობაში Google-ის სერვისებს უფასოდ ვიყენებთ. თანხობრივად, ეს დახმარება $100,000-ის ტოლფასია. დღეს, Google-ი ხელოვნური ინტელექტის სტარტაპებს ხელს უწყობს - ჩვენც, განაცხადი შევიტანეთ და მიგვიღეს”, - განაცხადა გიორგი ცირამუამ TECH INFORM-ში.

BMG-ის ტექნოლოგიურ გადაცემაში, BilikiAI-ის თანადამფუძნებელმა კომპანიის ბიზნესმოდელზეც ისაუბრა. როგორც გიორგი ცირამუა ამბობს, ქართული სტარტაპები ტურისტული ინდუსტრიის ისეთ გიგანტ კომპანიებთან თანამშრომლობს, როგორიცაა Booking.com-ი, Viator-ი და Agoda.

“ჩვენ Booking.com-ის, Viator-ისა და Agoda-ს პარტნიორები ვართ და ახლა, ამ თემაზე სხვა კომპანიებთან ვმუშაობთ. ჩვენი ბიზნესმოდელი მარტივია - თუ ჩვენთან ტურს დააგენერირებთ და მისი გამოყენებით სასტუმროს დაჯავშნით ან სხვა სერვისს იყიდით, ჩვენ - საკომისიოს მივიღებთ. საკმაოდ მარტივი ბიზნესმოდელი ავირჩიეთ, რომელიც აფილირებას ეფუძნება, მაგრამ მომხმარებლების რაოდენობა იმდენად სწრაფად იზრდება, რომ ბიზნესმოდელი - იმედის მომცემია”, - აღნიშნა BilikiAI-ის თანადამფუძნებელმა, გიორგი ცირამუამ TECH INFORM-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები