მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იქნება iOS 18? - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

iOS 18
სტატიაში საუბარია:

ამერიკული Apple-ი საკუთარი ოპერაციული სისტემის, iOS-ის ყველაზე მასშტაბური განახლებისთვის ემზადება. საუბარია iOS 18-ზე, რომლითაც, როგორც ჩანს, iPhone-ებში გამოჩნდება, როგორც RCS-ტექნოლოგია, რომლითაც Android-ისა და iPhone-ის მომხმარებლები ერთმანეთისთვის შეტყობინებების გაგზავნას უფასოდ შეძლებენ, ასევე ხელოვნური ინტელექტი და სხვა ფუნქციონალი, რომელთა დახმარებით, iPhone-ის გამოყენება უფრო მარტივი და სასიამოვნო გახდება. საინტერესოა, რომ ბევრი ის ცვლილება, რომლებსაც, სავარაუდოდ, მალე ვიხილავთ, ინდუსტრიაში უკვე ვიხილეთ, ანუ Apple-ი, ამ შემთხვევაში, ტექნოლოგიის მიმღები უფრო იქნება, ვიდრე კომპანია, რომელიც ინოვაციების წინა ხაზზე დგას. თუმცა, როგორც ისტორიამ დაამტკიცა, Apple-ის არასათანადოდ შეფასება არ შეიძლება, რადგან კომპანია მსოფლიოს გაოცებას ყოველთვის ახერხებს.

მენიუს პერსონალიზაცია

ერთი ცვლილება, რომელიც iOS 18-თან ერთად დაინერგება და, შეიძლება ითქვას, iPhone-ისთვის რევოლუციური იქნება - მენიუს პერსონალიზების ფუნქციონალის შემოტანაა. თავად ამ ფუნქციონალში არაფერია ახალი, რადგან მენიუს განლაგების შეცვლა, ვიჯეტების დამატება და სმარტფონის ძირითადი მენიუს საკუთარ გემოვნებაზე მოწყობა ისაა, რაც Android-ზე მომუშავე ტელეფონებში ათწლეულის წინ გამოჩნდა. თუმცა Apple-ისთვის, ეს გადაწყვეტილება, გარკვეულწილად, კომპანიის ძირითადი ფილოსოფიისგან გადახვევას ნიშნავს, რადგან ისტორიულად ისე გამოვიდა, რომ დიზაინი ის მიმართულება იყო, რომელზედაც კომპანია გადაწყვეტილებებს თავად იღებდა და მომხმარებელს ერთ კონკრეტულ დიზაინს სთავაზობდა, რომელიც Apple-ის მიერ იყო შერჩეული - The Apple Way.

მართალია, ბოლო წლებში, ეს მიდგომა შეიცვალა და მომხმარებლებმა ლავირების მინიმალური შესაძლებლობა მიიღეს, მაგრამ ობიექტურები თუ ვიქნებით, ცვლილების ეს სტანდარტი ახლოსაც ვერ მიდის იმ თავისუფლებასთან, რომელიც Android-ის მომხმარებლებს აქვთ. მაშ, კონკრეტულად რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ iPhone-ების მენიუში? აღნიშნული ფუნქციონალი, სავარაუდოდ, ცოტა ხნის წინ გააქტიურებული ვიჯეტების ფუნქციონალის გაგრძელება იქნება. ფაქტობრივად დადასტურებულია, რომ აპლიკაციების ლოგოების თვითნებურად, ანუ უხილავი ბადის გარეთ გადატანას მომხმარებლები მაინც ვერ შეძლებენ, მაგრამ, მათ, სავარაუდოდ, რამდენიმე თავისუფალი რიგის, მწკრივისა თუ ხაზის დატოვების საშუალება ექნებათ. თეორიულად, ეს დღესაც შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის, მომხმარებელმა ცალკეული აპლიკაციები უნდა გადმოწეროს.

ხელოვნური ინტელექტი

თუ Apple-ის მიერ მენიუს პერსონალიზების ფუნქციონალის დამატება რევოლუციურ ტექნოლოგიად ვერ ჩაითვლება, იმავეს ვერ ვიტყვით ხელოვნურ ინტელექტზე, რომლის გამოჩენა Apple-ის უახლეს მოწყობილობებში, უბრალოდ გარდაუვალია. გამომდინარე იქიდან, რომ Apple-ის მთავარმა კონკურენტმა, კორეულმა Samsung-მა საკუთარი ფლაგმანური სმარტფონი, S24 Ultra ხელოვნური ინტელექტით გამოტენა, ახლა, იგივე გზაზე შესვლა Apple-საც მოუწევს. Apple-ის ყველაზე ავტორიტეტული ინსაიდერის, Bloomberg-ის მარკ გარმენის ინფორმაციით, შესაძლოა, Apple-მა და Google-მა თანამშრომლობა გააღრმაონ, რაც ტიმ კუკის კომპანიას მისცემს საშუალებას, წამყვან ხელოვნურ ინტელექტად iPhone-ებში Gemini დანერგოს და არა Siri, რომელიც, ბოლო წლებში, კონკურენტ ნეირონულ ქსელებს საგრძნობლად ჩამორჩა.

როგორც ამ დროისთვის არის ცნობილი, ხელოვნური ინტელექტი iPhone-ში ერთბაშად რამდენიმე მიმართულებით დაინერგება. Apple Music-ის შემთხვევაში, მაგალითად, Apple-ი მომხმარებლებს ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ ფლეილისტებს შესთავაზებს, Pages-ში და Note-ში კი, ხელოვნური ინტელექტი ასისტენტის როლს მოირგებს. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, AI-ტექნოლოგია Apple-ის სმარტფონის კამერაში და სურათების დამუშავების მიმართულებით უნდა გამოჩნდეს, რადგან ეს მთავარი მიმართულებაა, რომელიც წელს Samsung-მა აირჩია.

ის, თუ რა ფუნქციონალი გამოჩნდება iPhone-ებში iOS-ის უახლეს განახლებასთან ერთად, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიდგომას აირჩევს ამერიკული კომპანია. როგორც ამ დროისთვის არის ცნობილი, Apple-ი ისეთ ხელოვნურ ინტელექტს ავითარებს, რომელიც უშუალოდ მოწყობილობაში გაეშვება და არა ქლაუდზე, როგორც ეს სხვა კომპანიების შემთხვევაში ხდება. ასე, ხელოვნური ინტელექტი უფრო დაცულია, ხოლო ინფორმაცია, რომელსაც ის ამუშავებს, სმარტფონს არ სცდება, ანუ ამ მხრივ, სახეზეა პირადი ინფორმაციის დაცვის არგუმენტიც, რაც Apple-ში ძალიან უყვართ. თუმცა ეს გზა, მოგეხსენებათ, უფრო ხარჯიანი და ნაკლებად ეფექტიანია, რაც ნიშნავს, რომ მომავალში, ამერიკულ კომპანიას გაცილებით უფრო მძლავრი პროცესორების შექმნა მოუწევს. თუმცა, რეალისტები თუ ვიქნებით, Apple-ი, სავარაუდოდ, ჰიბრიდულ მიდგომას აირჩევს.

Siri

Apple-ის მიერ ხელოვნური ინტელექტის განვითარების პარალელურად, ჩნდება კითხვა, თუ რა ბედი ელის Apple-ის ხმოვან ასისტენტს, Siri-ს, რომელიც, ბოლო წლებში, მის კონკურენტებს ჩამორჩა. როგორც ჩანს, Siri არსებობას განაგრძობს, მაგრამ ის, უმეტესწილად, სწორედაც რომ ხმოვანი ასისტენტის მიმართულებით განვითარდება, რომელიც დიდ ენობრივ მოდელებს დაეყრდნობა და ისე განვითარდება, რომ ადამიანივით მეტყველებას და მომხმარებლებთან საუბრის გაბმას მოახერხებს. მარტივად რომ ვთქვათ, Siri, სავარაუდოდ, ის იქნება, რაც დღეს ChatGPT-ია, მაგრამ სხვა ფუნქციონალში, Apple-ი სხვა ნეირონულ ქსელებს გამოიყენებს.

RCS-ტექნოლოგია

კიდევ ერთი სიახლე, რომელიც iPhone-ებში iOS 18-ის გამოსვლასთან ერთად დაინერგება - ტექსტური შეტყობინებების ახალ სტანდარტზე გადასვლაა, რაც ნიშნავს, რომ iPhone-ებსა და Android-მოწყობილობებს შორის კომუნიკაცია გამარტივდება, ფოტოების გაგზავნა მაღალი ხარისხით იქნება შესაძლებელი, ხოლო ორივე მხარე მარტივად მესიჯებში ემოჯიებისა და რეაქციების გაზიარებას შეძლებს. ამასთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, iPhone-ებისა და Android-ების მფლობელები ტესტური შეტყობინებების გაგზავნას უფასოდ შეძლებენ, როგორც ეს iMessage-ის შემთხვევაში არის შესაძლებელი. Google-მა, სხვათა შორის, ამ ტექნოლოგიიის გამოყენება ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ დაიწყო, ანუ Apple-ის მხრიდან რევოლუციურობასთან არც აქ გვაქვს საქმე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები