მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შევქმნათ სტარტაპი AI-ის ეპოქაში? - ინტერვიუ Y Combinator-ის პრეზიდენტთან

გერი ტენი

ბოლო წლებში, სტარტაპებში ინვესტირება მეტად საინტერესო საქმიანობად იქცა, რაც, დიდწილად, კალიფორნიაში მდებარე სილიკონის ველს და იქ დაფუძნებულ არაერთ დიდ და გავლენიან ტექნოლოგიურ სტარტაპს უკავშირდება, რომლებიც ახერხებენ არამხოლოდ მილიარდიანი და ხშირად რამდენიმემილიარდიანი შეფასების გენერირებას, არამედ სამყაროს შეცვლასაც, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. თუმცა სანამ გეტყვით, თუ როგორ ახერხებენ ამას სტარტაპები და რა როლს ასრულებენ ამ პროცესში სტარტაპ-აქსელერატორები, უნდა აგიხსნათ, თუ რატომ ინტერესდებიან ადამიანები ინვესტირებით.

ინვესტირება, ბოლო დროს, საქართველოში მიმზიდველ საქმიანობად ჩამოყალიბდა, რაშიც დიდი წვლილი იმ ქართულ კომერციულ ბანკებს მიუძღვით, რომელთაც ეს პროცესი გააციფრულეს და იმდენად გაამარტივეს, რომ დღეს, ამერიკულ საფონდო ბირჟებზე დალისტულ კომპანიებში ინვესტირება ერთი დოლარიდანაც შეიძლება. თუმცა მრავალწლიანი ისტორიისა და მდგრადი ფინანსური მაჩვენებლების მქონე კომპანიებში ინვესტირებასთან ერთად, ბოლო დროს, განსაკუთრებით პოპულარულ საქმიანობად სტარტაპებში ინვესტირება იქცა, როგორც ინდივიდუალურად, ასევე საინვესტიციო სინდიკატების გზით, როცა სტარტაპის წილის სანაცვლოდ ინვესტიციას ერთბაშად რამდენიმე ინვესტორი ახორციელებს.

თუმცა თავად ეს პროცესი, მოგეხსენებათ, უფრო რთულია, ვიდრე სატელეფონო აპლიკაციის გახსნა და საჯაროდ დალისტული კომპანიის აქციის ან აქციების შეძენა. ხშირად, სტარტაპების მთავარ ინვესტორებს შორის სტარტაპ-აქსელერატორებს ვხვდებით, ანუ ორგანიზაციებს, რომლებიც განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი კომპანიის გარკვეული წილის სანაცვლოდ მათ ცოდნას და კონტაქტებს აძლევენ და ხშირად, წარმატების მისაღწევად ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი, სწორედ ესაა.

სტარტაპ-აქსელერატორებს შორის ორი განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, ესენია - Y Combinator-ი და 500 Global. თუ პირველი ექსკლუზიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში არის ბაზირებული, მეორე - საქართველოშიც ოპერირებს, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით. 500 Global in Eurasia-ზე “საქმიან საღამოში” და TECH INFORM-ში ამ დრომდეც არაერთხელ მოგვიყოლია, დღეს კი Y Combinator-ის შესახებ გიამბობთ, რომელსაც არსებობის ისტორიაში 5,000-ზე მეტ კომპანიაში ჩაუდვია ინვესტიცია, რომელთა ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია დღეს $600 მილიარდს აღემატება. ამ კომპანიებს შორის, 100-ზე მეტი იუნიქორნია, ანუ კერძო სტარტაპი, რომლის შეფასება მილიარდ დოლარს აღემატება. YC-ის მიერ მხარდაჭერილ ასეთ კომპანიებს შორის ვხვდებით, როგორც Twitch-სა და Stripe-ს, ასევე Airbnb-ს, Coinbase-სა და Reddit-ს.

მსოფლიოს წამყვანი სტარტაპ-აქსელერატორის ოპერირების და ხელოვნური ინტელექტის შესახებ, ამასწინათ, Y Combinator-ის პრეზიდენტმა, გერი ტენმა Startup Grind-ის კონფერენციაზე ისაუბრა. როგორც ის Startup Grind-ის დამფუძნებელთან, დერეკ ანდერსენთან ინტერვიუში ამბობს, ყველაზე დიდი ცვლილება, რომელიც ამ ტექნოლოგიამ ორგანიზაციაში შეიტანა - მენტალიტეტის ცვლილებას უკავშირდება.

"დრამატული ცვლილებები, რომლებიც უკვე ვიხილეთ, უმეტესწილად, შესაძლებლობებს ეხება და ამას თითოეული ჩვენგანი ხედავს. ამავდროულად, გაჩნდა “ინტელექტის” ცნება. თუ ახლა, ხელოვნური ინტელექტი ჩვეულებრივი 22 წლის სტუდენტივით აზროვნებს და შეცდომას ათიდან ერთ შემთხვევაში უშვებს, რაც თავისთავად კარგია, სულ მალე, ის 25 წლის სანდომიან თანამშრომელივით იფიქრებს, ხოლო მოგვიანებით, გენიოსად გადაიქცევა, რომელსაც 160-ის ტოლი IQ ექნება. ეს ყველაზე გიჟური რამაა, რასაც ახლა ვხედავთ და ამ დროს სტარტაპის შექმნა - საოცარი რამაა. სკოლაში რომ ვსწავლობდი, მსოფლიოს ჯერაც web1-ის ეპოქაში იყო, ხოლო პირველი სტარტაპი web2-ის ეპოქაში დავაფუძნე. ახლა კი, ბევრი 18 წლის დამფუძნებელი ჩნდება, რომელიც აცნობიერებს, რომ, მართალია, იმ დროს ვერ მოესწრო, მაგრამ ახლა, კომპანიას ამ ეპოქის დასაწყისში აფუძნებს. წარმოიდგინეთ, ეს რამდენად საოცარია!

YC-ში გარკვეულ დეტალებს მუდამ ვცვლით, რადგან ჯერად ვვითარდებით. ექვს თვეში ერთხელ ვიკრიბებით და ვსაუბრობთ და ეს, სხვათა შორის, დღესაც მოხდა, სანამ აქ მოვიდოდი. განვიხილავთ, თუ რამ იმუშავა წინა ნაკადის დროს და რამ - არა. ასე, ბევრ საინტერესო ტენდენციას ვპოულობთ. თუ ადრე, უნივერსიტეტიდან ახალგამოსული ადამიანები YC-ის წევრი სტარტაპების 10%-ს აფუძნებდნენ, დღეს ეს მაჩვენებელი 30%-მდე გაიზარდა, რაც დიდი ნახტომია. თუმცა ეს ნიშანია იმ დიდი პროცესისა, რომელსაც ახლა გავდივართ.

ერთი ფაქტორი, რომლითაც ძალიან ვამაყობ და ვფიქრობ, რომ ის დიდ სარგებელს მოგვიტანს - ჩვენი სისტემაა. ჩვენი აქსელერატორის წევრი რომ ხდები, Y Combinator-ი კომპანიის 7%-იან წილს იღებს და, შეიძლება ითქვას, რომ სიცოცხლის ბოლომდე კომპანიის ინვესტორად რჩება. ამასთან, ყველა კომპანიას YC-ის მიერ კონკრეტულად ამ კომპანიისთვის მიმაგრებული ადამიანი ჰყავს. იდეა, რომელიც მინდა გავითავისოთ, ისაა, რომ ჩვენ ბიზნესების თანამფლობელები ვართ, რომლებიც ყველა გზაჯვარედინს კომპანიის დამფუძნებლებთან ერთად გადიან. ეს დიდი ცვლილებაა, რადგან ორი-სამი წლის წინ ასე არ ვფიქრობდით", - განაცხადა გერი ტენმა Startup Grind-ის დამფუძნებელთან, დერეკ ანდერსონთან ინტერვიუში.

გარდა იმისა, რომ Y Combinator-ი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სტარტაპ-აქსელერატორია უშუალოდ ფინანსური შედეგებით, ის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული ორგანიზაციაა, რომელიც საერთოდ არსებობს პლანეტაზე. აქსელერატორის თითოეულ ნაკადზე, როგორც წესი, Y Combinator-ი 10,000-მდე აპლიკაციას იღებს, მაგრამ უშუალოდ პროგრამაში ამ კომპანიების ძალიან მცირე ნაწილი ხვდება, დაახლოებით 1.5-2%-ის შუალედში. შედარებისთვის რომ გითხრათ, მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტის, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის, იგივე MIT-ის მიღების მაჩვენებელი 4%-ის ფარგლებში მერყეობს. გამოდის, რომ Y Combinator-ში მოხვედრა უფრო რთულია, ვიდრე MIT-ში.

მაშ, როგორია პროცესი, ანუ რა გზას გადიან სტარტაპერები კომპანიის დაფუძნებიდან Y Combinator-ში მოხვედრამდე? YC-ის პრეზიდენტმა, გერი ტენმა Startup Grind-თან ამ თემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარია, სტარტაპმა YC-ის წევრი ინვესტორისგან ერთის გული მაინც მოიგოს, რადგან ამ კომპანიაში ყველაფერი კოლეგიალურად წყდება.

"აპლიკაციების კითხვა, სხვათა შორის, გუშინ ღამით დავიწყე - Apple Vision Pro გავიკეთე, ანუ რამდენიმე კილოგრამი მოვიბი თავზე, რომლის ტარება მაქსიმუმ ნახევარ საათში არის შესაძლებელი. ამჟამად აპლიკაციებს ვეცნობით და ყველაფერს ერთად ვაკეთებთ. YC-მ ინტერვიუზე თუ დაგიბარა, იცი, რომ ადამიანებმა, რომლებიც თქვენ წინ სხედან, ძალიან დიდი ბაზიდან ამოგარჩიეს, ანუ რაღაც განსაკუთრებული გაქვს. ეს ასე არის ინტერვიუს დროს და მაშინაც, ინვესტიციას თუ განვახორციელებთ, თანაც კომპანიის სიცოცხლის ხანგრძლივობის განმავლობაში. ჩვენს კომპანიებს ყოველთვის ჰყავთ ადამიანი, რომელთაც შეუძლიათ დაელაპარაკონ.

მთავარია ერთმა მაინც ირწმუნოს და შემდეგ, ეს ადამიანი კომპანიის პარტნიორი ხდება. მთავარია, ერთი ხმა მაინც იყოს. სტარტაპების კუთხით ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ყოველთვის გახსოვს ადამიანი, ვისაც შენი თავიდანვე სჯეროდა. ამიტომაცაა, YC-ის ასეთი შედეგი რომ აქვს, რადგან მთავარია, შენი იდეა ერთ ადამიანს მაინც მოეწონოს. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, YC-ში რატომაც დავბრუნდი ისაა, რომ აქ ხვდები ადამიანებს, რომელთა იდეის მაშინ გჯერა, როცა მის მასშტაბურობას ჯერ ისინიც ვერ აცნობიერებენ", - განაცხადა Y Combinator-ის პრეზიდენტმა.

მსოფლიოს უდიდესი სტარტაპ-აქსელერატორის პრეზიდენტთან ჩაწერილი ინტერვიუ, ცხადია, ისე ვერ ჩაივლიდა, მისთვის დეკადის მთავარ ტექნოლოგიაზე - ხელოვნურ ინტელექტზე რომ არ ეკითხათ. როგორც გერი ტენი ამბობს, ხელოვნური ინტელექტი ტრანსფორმაციული ტექნოლოგიაა, რომლის დახმარებით, პლანეტაზე ბევრი ახალი ანტერპრენიორი გაჩნდება. იქნებიან ისეთებიც, რომლებიც მილიარდიან კომპანიებს მარტოდ მარტო დააფუძნებენ. ამ მხრივ, სხვათა შორის, გერი ტენი ChatGPT-ის შემქმნელი კომპანიის, OpenAI-ის დამფუძნებლის, სემ ოლტმენის იდეას იზიარებს და ალალები თუ ვიქნებით, უცნაური ამაში არაფერია, რადგან წლების წინ, Y Combinator-ს სწორედ სემ ოლტმენი ხელმძღვანელობდა, რომელიც სტარტაპების რაობაში ძალიან კარგად ერკვევა.

"საინტერესო დროში ვცხოვრობთ და გვეფიქრება, თუ რა უნდა გავაკეთოთ, შესაძლებლობები უკეთესად რომ გამოვიყენოთ, რა არის გაფართოებული რეალობა, როგორ შევქმნათ მონაცემთა ბაზა და დავწეროთ გამართული დავალება… ყველაფერი ეს ძალიან ჰგავს იმ დროს, როცა სილიკონის ველზე Oracle-ი გამოჩნდა. რევოლუციის წინა ხაზზე კვლავაც ტექნოლოგია აღმოჩნდა და ადამიანები, რომლებიც ტექნოლოგიას ქმნიან - სან-ფრანცისკოში ცხოვრობენ. პროდუქტებისა და ჩვენი საქმიანობის წარმოსაჩენად ყოველკვირეულად სახალხო შეკრებების ორგანიზებას ვგეგმავთ. გვინდა, საუკეთესო პროფესიონალები გავაერთიანოთ.

ყველაზე დიდი იდეა, რომელიც ბოლო დროს მოვისმინე, ერთ-ერთ პირველ ცხრანიშნა გარიგებაში მონაწილე სტარტაპის, CaseText-ის ჯეიკ ჰელერს ეკუთვნის. ამ ადამიანს ჰქონდა კომპანია, სახელწოდებით MegaAI, რომელიც Thompson-Reuters-ს $600 მილიონად მიჰყიდა. ის ერთ-ერთი პირველი ადამიანი იყო, რომელმაც GPT-4-ის გამოყენება დაიწყო. ეს კომპანია მან რვა წლის წინ დააფუძნა, მაგრამ ცოტა ხნის წინ, კომპანიის განვითარების ვექტორი შემოატრიალა და ის იურისტებისთვის განკუთვნილ ხელოვნურ ინტელექტად გადააქცია. ეს იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ Thompson-Reuters-მა გადაწყვიტა, კომპანია მანამ ეყიდა, სანამ ის მისი კონკურენტი გახდებოდა. ეს ადამიანი დიდ ენობრივ მოდელებს ქმნის და ერთ-ერთი საინტერესო რამ, რაც მითხრა, ისაა, რომ მალე გაჩნდება ისეთი კომპანიები, რომლებიც მილიარდიან შემოსავალს აგენერირებენ და ჯამში სულ ხუთ ადამიანს ასაქმებენ. ცოტა ხნის წინ, სემ ოლტმენმა ამ იდეაზე კიდევ უფრო მარტივად ისაუბრა, როცა თქვა, რომ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, მალე ისეთი მილიარდიანი კომპანიები გაჩნდება, რომელთაც მხოლოდ ერთი დამფუძნებელი ჰყავთ.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. თქმა იმისა, მართლა მოხდება ეს თუ არა, ცხადია, შეუძლებელია, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჯეიკმა ამ თემაზე YC-ში ილაპარაკა, ყველაზე მეტი კითხვა საზოგადოებასთან დაკავშირებით გაჩნდა - დამფუძნებლები დაინტერესდნენ, თუ რა გავლენა ექნება ამ ტენდენციას სამუშაო ადგილებზე. ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს, მაგრამ ეს ის რევოლუციაა, რომლის დაძრა თითოეულ აქ შეკრებილ ადამიანს შეუძლია. ვფიქრობ, რომ სამუშაო ადგილების გაქრობა ერთადერთი შედეგი არ არის, პირიქით, თანამშრომლების გაძლიერება - უფრო რეალური პერსპექტივა მგონია. ეს ადამიანები უფრო მნიშვნელოვან და საინტერესო საქმეებზე კონცენტრირდებიან და თქვენთვის, როგორც დამფუძნებლისთვის, ეს ბიუროკრატიის შემცირებას გეგმავს. ამ მხრივ, ხელოვნურ ინტელექტს კომპანიისთვის ზოგადი ინტელექტის დამატება შეუძლია, რაც ათასობით ადამიანისგან შემდგარი გუნდების მართვას გაამარტივებს", - განაცხადა გერი ტენმა Startup Grind-ის დამფუძნებელთან საუბრისას.

როგორც ინტერვიუდან ჩანს, ხელოვნური ინტელექტის მიმართ გერი ტენი და Y Combinator-ი საკმაოდ დადებითად განეწყვნენ, რაც მიგვანიშნებს, რომ მომდევნო წლებში, მსოფლიოს წამყვან სტარტაპ-აქსელერატორში უფრო მეტი AI-კომპანია გამოჩნდება. საინტერესოა, მოხვდებიან თუ არა ამ ჩამონათვალში ქართული AI-კომპანიები, რომლებიც საქართველოში ნამდვილად არ გვაკლია, მით უფრო რომ GITA-სთვის, AI-ის განვითარება მომდევნო დეკადის მთავარ პრიორიტეტად იქცა. თუმცა მანამ, სანამ ეს გაირკვევა, გავიხსენოთ ის ორი ქართული სტარტაპი, რომელმაც YC-ის აქსელერაციის პროგრამა გაიარა: გეგა წურწუმიას PAYZE და ანუკი რობაქიძის THENEO. იმედი დავიტოვოთ, რომ მალე, ამ ჩამონათვალს სხვა ქართული კომპანიებიც შეემატებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები