მსოფლიოს ყველაზე პოპულარული გენერაციული ხელოვნური ინტელექტის, ChatGPT-ის შემქმნელი კომპანიის, OpenAI-ის დამფუძნებლის, სემ ოლტმენტის განცხადებით, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია იმდენად რევოლუციურია, რომ ამიერიდან, $1-მილიარდიანი კომპანიის შექმნას ერთი ადამიანიც შეძლებს, - ამის შესახებ ანტრეპრენირმა Reddit-ის დამფუძნებელთან, ალექსის ოჰანიანთან ინტერვიუს დროს სექტემბერში განაცხადა.
“ტექნოლოგიური კომპანიების მეგობარ დირექტორებს საერთო ჩატი გვაქვს, სადაც გამოკითხვას ვატარებთ, რომ მალე მილიარდ დოლარად შეფასებული ერთკაციანი კომპანია გაჩნდება. ხელოვნური ინტელექტის გარეშე ეს წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ახლა - ეს აუცილებლად მოხდება”, - განაცხადა სემ ოლტმენტმა, რომლის მოსაზრება, ცოტა ხნის წინ, მსოფლიოს უდიდესი სტარტაპ-აქსელერატორის, კალიფორნიული Y Combinator-ის პრეზიდენტმა, გერი ტენმა გაიზიარა, მაგრამ დასძინა, რომ ამ ვექტორმა, შესაძლოა, ადამიანების მიერ ტექნოლოგიებით ჩანაცვლების ტემპი დააჩქაროს.
“ყველაზე დიდი იდეა, რომელიც ბოლო დროს მოვისმინე, ერთ-ერთ პირველ ცხრანიშნა გარიგებაში მონაწილე სტარტაპის, CaseText-ის ჯეიკ ჰელერს ეკუთვნის. ამ ადამიანს ჰქონდა კომპანია, სახელწოდებით MegaAI, რომელიც Thompson-Reuters-ს $600 მილიონად მიჰყიდა. ის ერთ-ერთი პირველი ადამიანი იყო, რომელმაც GPT-4-ის გამოყენება დაიწყო. ეს კომპანია მან რვა წლის წინ დააფუძნა, მაგრამ ცოტა ხნის წინ, კომპანიის განვითარების ვექტორი შემოატრიალა და ის იურისტებისთვის განკუთვნილ ხელოვნურ ინტელექტად გადააქცია. ეს იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ Thompson-Reuters-მა გადაწყვიტა, კომპანია მანამ ეყიდა, სანამ ის მისი კონკურენტი გახდებოდა. ეს ადამიანი დიდ ენობრივ მოდელებს ქმნის და ერთ-ერთი საინტერესო რამ, რაც მითხრა, ისაა, რომ მალე გაჩნდება ისეთი კომპანიები, რომლებიც მილიარდიან შემოსავალს აგენერირებენ და ჯამში სულ ხუთ ადამიანს ასაქმებენ. ცოტა ხნის წინ, სემ ოლტმენმა ამ იდეაზე კიდევ უფრო მარტივად ისაუბრა, როცა თქვა, რომ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, მალე ისეთი მილიარდიანი კომპანიები გაჩნდება, რომელთაც მხოლოდ ერთი დამფუძნებელი ჰყავთ.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. თქმა იმისა, მართლა მოხდება ეს თუ არა, ცხადია, შეუძლებელია, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჯეიკმა ამ თემაზე YC-ში ილაპარაკა, ყველაზე მეტი კითხვა საზოგადოებასთან დაკავშირებით გაჩნდა - დამფუძნებლები დაინტერესდნენ, თუ რა გავლენა ექნება ამ ტენდენციას სამუშაო ადგილებზე. ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს, მაგრამ ეს ის რევოლუციაა, რომლის დაძვრა თითოეულ აქ შეკრებილ ადამიანს შეუძლია. ვფიქრობ, რომ სამუშაო ადგილების გაქრობა ერთადერთი შედეგი არ არის, პირიქით, თანამშრომლების გაძლიერება - უფრო რეალური პერსპექტივა მგონია. ეს ადამიანები უფრო მნიშვნელოვან და საინტერესო საქმეებზე კონცენტრირდებიან და თქვენთვის, როგორც დამფუძნებლისთვის, ეს ბიუროკრატიის შემცირებას გეგმავს. ამ მხრივ, ხელოვნურ ინტელექტს კომპანიისთვის ზოგადი ინტელექტის დამატება შეუძლია, რაც ათასობით ადამიანისგან შემდგარი გუნდების მართვას გაამარტივებს", - განაცხადა გერი ტენმა Startup Grind-ის დამფუძნებელთან, დერეკ ანდერსენთან საუბრისას.