მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Google-ის ყოფილმა CEO-მ SpaceX-ის კონკურენტი კომპანია იყიდა

ერიკ შმიდტი
სტატიაში საუბარია:

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Google-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ერიკ შმიდტი, რომელიც კომპანიების აქტიურ მართვას წლების განმავლობაში ჩამოშორებული იყო, აქტიურ მენეჯმენტს უბრუნდება. ერიკ შმიდტმა ამერიკულ კოსმოსურ კომპანია Relativity Space-ში დიდი ინვესტიცია დააბანდა, რის შედეგად კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი და გენერალური დირექტორი გახდა, რაც მილიარდერის მიერ კომპანიის მართვაში ჩართვის პირველი შემთხვევაა გასული თხუთმეტი წლის განმავლობაში.

Relativity Space-ში ერიკ შმიდტის გამოჩენა მოულოდნელი არ არის, რადგან დღეს, კოსმოსური კომპანია ზრდის და განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპს გადის და Google-ის რიგით მეორე დირექტორის ცოდნა, გამოცდილება და კონტაქტები სტარტაპს უდავოდ გამოადგება. ერიკ შმიდტი მდიდარი ადამიანია და საჭიროების შემთხვევაში შეუძლია, კომპანია საკუთარი ფულით დააფინანსოს. ამასთან, Google-ის ყოფილ ხელმძღვანელს კარგად იცნობენ ვაშინგტონში, რაც ასევე დიდი უპირატესობაა.

მომავალ წელს, Relativity Space-ის გუნდი Terran R-ის სახელით ცნობილი დიდი რაკეტის გაშვებას გეგმავს, რომელიც ილონ მასკის კოსმოსური კომპანიის, SpaceX-ის მიერ შექმნილი რაკეტების, Falcon 9-ის და Falcon Heavy-ის კონკურენტადაც მიიჩნევა. დიდი ზომის რაკეტის გაშვებისთვის კომპანია, სავარაუდოდ, მზადაა, რაზედაც $3 მილიარდის ღირებულების ხელშეკრულებები მიუთითებს, რომელიც Relativity Space-მა დამკვეთებთან წინასწარ გააფორმა. თუკი კომპანია რაკეტას წარმატების გამოცდის, კონტრაქტების მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდება.

გამომდინარე იქიდან, რომ SpaceX-ის და Blue Origin-ის სახით კოსმოსურ ინდუსტრიაში რამდენიმე დიდი მოთამაშე უკვე ჩამოყალიბდა, კომპანიები, რომლებიც ამ ბაზარზე ახლა შედიან, ვალდებულნი არიან, უნიკალური მიდგომა აირჩიონ. Relativity Space-ი ამ ტენდენციის თვალსაჩინო მაგალითია, რადგან კომპანია რაკეტებს 3D-პრინტერების, ავტონომიური რობოტების და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ქმნის. ამასთან, Relativity Space-ის გუნდს მარსზე კერძო მისიის გაშვებაც სურს.

2023 წელს, Relativity Space-მა წარმატებით გამოცადა Terran 1-ის სახელით ცნობილი რაკეტა, რომელიც სწორედ 3D-პრინტების გამოყენებით შეიქმნა. აფრენა წარმატებული იყო, მაგრამ რაკეტამ ორბიტას ვერ მიაღწია. შედეგად, კომპანიამ Terran 1-ზე მუშაობა შეწყვიტა და უფრო დიდი ზომის Terran R-ზე გადაერთო. გასულ წელს, კომპანიას, რომლის ინვესტორებს შორის მარკ ქიუბანი, BlackRock-ი და Fidelity არიან, ნაღდი ფული დაუმთავრდა და ის გარკვეული ფინანსური გასაჭირის წინაშე აღმოჩნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები