Google Labs-მა ახალი, ექსპერიმენტული AI აპლიკაცია - Doppl - წარადგინა, რომელიც ციფრული ვაჭრობის დროს სამოსის მოზომვის საშუალებას იძლევა. როგორც Google-ის ბლოგიდან ირკვევა, აპლიკაცია საშუალებას გაძლევს, საკუთარი ფოტოს ატვირთვის შემდეგ, მოგარგოს ნებისმიერი ტიპის სამოსი, რათა გამოწერამდე შეაფასო, როგორ მოგერგება ტანსაცმელი. აპლიკაცია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ვიდეოსაც აგენერირებს.
Doppl-ით სარგებლობისთვის საჭიროა, გადმოწერო აპლიკაცია, ატვირთო ფოტო, რომელშიც სრულად ჩანხარ, შემდეგ კი სასურველი სამოსის ფოტოები დაურთო ნებისმიერი ვებგვერდიდან თუ ელექტრონული კომერციის პლატფორმიდან. ამასთან, აპლიკაცია შესაძლებლობას იძლევა, სამოსი "მოიზომო" იმ შემთხვევაშიც, თუ მას ფიზიკურ მაღაზიაში ფოტოს თავად გადაუღებ.
ამის შემდეგ Doppl ხელოვნური ინტელექტის დახმარებით სამოსს მოგარგებს და სტატიკურ გამოსახულებას დინამიკურ ვიდეოდაც აქცევს. გამოქვეყნებულ ბლოგში Google აღნიშნავს, რომ აპლიკაცია ტესტირების პირველ ეტაპებს გადის და, შესაბამისად, დაგენერირებული ვიზუალური მასალა, შესაძლოა, ყოველთვის ზუსტი არ იყოს.
აპლიკაცია ამჟამად Android და IOS სისტემებზე, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებშია ხელმისაწვდომი.




























