ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Google-მა მონაცემთა ცენტრების გამოსაკვებად, ბირთვული რეაქტორებისა და ელექტროსადგურების აშენება გადაწყვიტა, რაც ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის და მდგრადი განვითარების მიმართულებით გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.
როგორც ცნობილია, კომპანიამ უკვე გააფორმა შეთანხმება Kairos Power-თან - ამერიკულ ფირმასთან, რომელიც მცირე მოდულურ რეაქტორებს (SMR) აშენებს.
პროექტის ფარგლებში, Google-ის პირველი ბირთვული რეაქტორი, სავარაუდოდ, 2030 წლისთვის ამოქმედდება, ხოლო დამატებითი რეაქტორების მშენებლობა 2035 წლამდეა დაგეგმილი. საერთო ჯამში, ეს რეაქტორები 500 მეგავატამდე სუფთა ენერგიას გამოიმუშავებენ, რაც Google-ის Data-ცენტრების მომარაგებას და ხელოვნური ინტელექტის გამოკვებას მოხმარდება.
მონაცემთა ცენტრები ციფრული ეკონომიკის ძირითად კომპონენტს წარმოადგენენ და მათი ენერგომოხმარება სწრაფად იზრდება. პროგნოზირებულია, რომ 2028 წლამდე მონაცემთა ცენტრების ენერგიის მოხმარება გაორმაგდება და საანგარიშო პერიოდის ბოლოს ის 857 ტერავატ/საათს მიაღწევს.
უნდა აღინიშნოს, რომ Google-ის მსგავსად, ბირთვული ენერგიის განვითარებაზე Microsoft-ის ხელმძღვანელობაც მუშაობს და არ არის გამორიცხული, ტექნოლოგიურ გიგანტებს სხვა მსხვილი კომპანიებიც შეუერთდნენ.