დედამიწის ქერქში ურანის მარაგი დაახლოებით 500-ჯერ აღემატება ოქროს მარაგს, 40-ჯერ - ვერცხლისას, ამასთან ეს მონაცემი ტყვიის და თუთიის ანალოგიური მაჩვენებლების ტოლია. ურანის არც თუ ისე მცირე რაოდენობა გაბნეულია ნიადაგში, მთის ქანებში და ზღვის წყალში. მხოლოდ შედარებით მცირე რაოდენობა კონცენტრირდება საბადოებში, სადაც ამ ელემენტის შემცველობა ასობით აღემატება მის საშუალო შემცველობას დედამიწის ქერქში. 1945 წლიდან დღემდე მსოფლიოში სულ 3.5 მილიონი ტონა ურანი მოიპოვეს.
ურანის ყველაზე დიდი საბადოები დღეს კანადას აქვს. 1945 წლიდან ქვეყანა მაღალი ხარისხის ურანის უმსხვილესი მომპოვებელია. 2014 წლის შემდეგ კანადაში მოპოვებულმა ურანმა 47 627 ტონა შეადგინა. 1945 წლიდან დღემდე ჯამურად მოპოვებული მეტალი კი 554 474 ტონით განისაზღვრება. კანადაზე დღეს გლობალურად მოპოვებული ურანის 17.4% მოდის.
კანადას მისი მეზობელი, აშშ-ი მოსდევს. აღსანიშნავია, რომ შტატები და კანადა ერთად, მსოფლიოში ურანის წარმოების ბაზრის 29.3%-ს აკონტროლებენ. 1945-2022 წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯამურად 378 038 ტონა ურანი იქნა მოპოვებული.
ამერიკის მსგავსად ურანის გლობალურ წარმოებაში 11.9%-იანი წილი აქვთ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს, მათ შორის, რუსეთს, ყაზახეთს, უზბეკეთსა და უკრაინას. 77 წლიან პერიოდში ამ ქვეყნების მიერ ერთობლივად მოპოვებული ურანის მოცულობა 377 613 ტონით განისაზღვრება.
ბირთვული ენერგიის მიმართ ინტერესმა პიკს მსოფლიო მასშტაბით ე.წ. ატომური ეპოქის დროს მიაღწია, კერძოდ, 1970-იან წლებში, როცა მსოფლიო არა მდგრადი ენერგიის განვითარების გლობალურ ინიციატივაში, არამედ ცივ ომში იყო ჩართული. ატომური ელექტროსადგურების რეკორდული ტემპით მშენებლობის მიღმა საკმაოდ მარტივი მიზეზი იდგა – ის იძლეოდა როგორც ენერგიის ეფექტიანად გამომუშავების, ისე ურანის გამდიდრების და შემდეგ უკვე მისი დახმარებით ატომური იარაღის შექმნის საშუალებას. სწორედ ამ მიზნით ცივი ომის პერიოდში საბჭოთა კავშირმა 377 000 ტონაზე მეტი ურანი მოიპოვა.
მსოფლიოში ურანი მხოლოდ ატომური ბომბებისა და ბირთვული ელექტროსადგურების შესაქმნელად არ გამოიყენება. მას საკმაოდ დიდი როლი ელექტროენერგიის წარმოებაშიც აქვს. პლანეტაზე მოქმედი 437 ბირთვული ელექტროსადგური ჯამურად გლობალური ელექტროენერგიის მოხმარების 10%-ს გამოიმუშავებენ, რაც დაახლოებით 3 ტრილიონ კვტსთ. ენერგიას უდრის. საგულისხმოა ისიც, რომ 1995 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 17.5%-ს აღწევდა, ბოლო ოცი წლის განმავლობაში კი ბირთვულ ენერგიასთან დაკავშირებით დაღმასვლის ნელი ტენდენცია ფიქსირდება.