წლების განმავლობაში, რუსეთის ბირთვული დოქტრინა ატომური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით მკაცრ შეზღუდვებს აწესებდა და მის ამოქმედებას, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უშვებდა. ძველი დოქტრინა ეფუძნებოდა თავდაცვით კონცეფციას, რომლის მიხედვითაც, ბირთვული იარაღის გამოყენება მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა, თუკი ქვეყნის არსებობას რეალური საფრთხე შეექმნებოდა. ეს მიდგომა სიმშვიდის უზრუნველყოფას და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის დაცვას ემსახურებოდა, რადგან სხვა ბირთვული სახელმწიფოებიც ამ სტრატეგიას ირჩევდნენ. თუმცა, ამჯერად ვლადიმირ პუტინმა დოქტრინა არსებითად შეცვალა და ატომური იარაღის ამოქმედების მასშტაბები გააფართოვა.
ახალი დებულებების თანახმად, რუსეთის ბირთვული არსენალის გამოყენება შეიძლება ნებისმიერ სიტუაციაში, თუკი საფრთხე შეექმნება ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. გარდა ამისა, რუსეთის მთავრობას ახლა უკვე ბირთვული იარაღის გამოყენება მაშინაც შეუძლია, თუკი მის ტერიტორიას საფრთხე სტანდარტული იარაღით მიადგება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კრემლს ატომური იარაღის გამოყენება ავტომატებით შეიარაღებული სამხედროების წინააღმდეგაც შეუძლია, რაც ყველანაირი თვალსაზრისით, დისპროპორციულ საპასუხო ქმედებას წარმოადგენს. ამასთან, ახალ დოქტრინაში აღნიშნულია, რომ რუსეთზე განხორციელებული შეტევა განხილული იქნება იმ კოალიციისა თუ ალიანსის მხრიდან განხორციელებულ სრულ თავდასხმად, რომლის წევრიც აგრესორი სახელმწიფოა. მარტივად რომ ვთქვათ, თუკი NATO-ს ერთი წევრი მაინც განახორციელებს შეტევას რუსეთის წინააღმდეგ, ეს განხილული იქნება ალიანსის ყველა წევრი სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულ თავდასხმად, ანუ მოსკოვს მათ წინააღმდეგ ბირთვული არსენალის გამოყენება შეეძლება.
ასევე, არ არის გამორიცხული, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთმა საკუთარ იურისდიქციად ჩათვალოს და ის ბირთვული დაცვის ზონად გამოაცხადოს. ამ ცვლილებამ დოქტრინის თავდაცვითი ხასიათი შეტევითი ელემენტებით გააფართოვა და ბელარუსის დაცვის პუნქტიც დაამატა, რაც რეგიონში ესკალაციის რისკს კიდევ უფრო მეტად ზრდის.
ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომელიც უკრაინას ნებას რთავს ამერიკული წარმოების შორი მანძილის რაკეტების გამოყენებას რუსეთის ტერიტორიაზე, კიდევ უფრო დაძაბა ვითარება. ამ ნაბიჯმა მნიშვნელოვნად შეცვალა ძალთა ბალანსი რეგიონში და გაამწვავა ურთიერთობები დასავლეთსა და რუსეთს შორის.
პუტინის მიერ ახალი დოქტრინის ამოქმედება, რეალურად, ამერიკის საპასუხო ქმედებაა, რომელიც ამტკიცებს, რომ თუ საჭირო გახდა, ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რუსეთი ბირთვულ იარაღს უკრაინის წინააღმდეგაც გამოიყენებს, რომელიც, თავისი არსით, ბირთვული სახელმწიფო არ არის. საერთაშორისო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დოქტრინის ცვლილება უფრო მეტად ძალის დემონსტრირებას ემსახურება და პუტინი უახლოეს მომავალში ბირთვული იარაღის გამოყენებას არ გეგმავს, განსაკუთრებით იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ ამერიკას სულ მალე ახალი პრეზიდენტი ეყოლება.
პუტინის განცხადებით, რუსეთის ბირთვული ძალები მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში არიან და რუსეთის არსენალი მსოფლიოში საუკეთესოა. არსენალი, რომელიც კრემლმა საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობით გადაიბარა, მართლაც გამორჩეულია, რადგან რუსეთი ამჟამად 5,600-მდე ბირთვულ ქობინს აკონტროლებს, რაც რეკორდული მაჩვენებელია. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი თავის ბირთვულ არსენალს სრულად გამოიყენებს, დედამიწაზე სიცოცხლე ფაქტობრივად შეუძლებელი გახდება, მსგავსი არმაგედონული სცენარი კი არც კრემლის ინტერესებში არ შედის.
უნდა აღინიშნოს, რომ პუტინი ბირთვულ რიტორიკას ომის დაწყებიდანვე იყენებს, რათა უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნები დააფრთხოს და საერთაშორისო არენაზე რუსეთის პოზიცია გააძლიეროს. საჯარო გამოსვლებში პუტინი ხშირად ახსენებს, რომ რუსეთს აქვს „ყველაზე თანამედროვე“ იარაღი, რომლის გამოყენებაც შეუძლია არა მხოლოდ თავდაცვის, არამედ ნებისმიერი აგრესიის საპასუხოდ, მათ შორის, შეტევის მიზნითაც. ახალი დოქტრინის დამტკიცება კი იმაზე მიუთითებს, რომ პუტინს ახლა უკვე შეტევის განხორციელებისათვის იურიდიული საფუძველიც მომზადებული აქვს.
მიუხედავად იმისა, რუსეთის მხრიდან ბირთვული ქობინების პრაქტიკული გამოყენება ჯერჯერობით არ მომხდარა, კონფლიქტის ესკალაციის რისკები მაინც იზრდება, რაც ომის დასრულების ან მისი ძალიან დიდი ხნით გაგრძელების მაუწყებელი შეიძლება იქნეს.