გლობალური ტექნოლოგიური გიგანტი არ დანებდა, რაც დაუფასდა კიდეც. 2024 წლის ზაფხულში მიღებული უარის შემდეგ, Google-მა ისრაელური Wiz-ის მენეჯმენტს გამოსყიდვის თაობაზე კიდევ ერთი შეთავაზება გაუგზავნა და კომპანია $32 მილიარდად იყიდა. გასული წლის ბოლოს ჩატარებული დახურული საინვესტიციო რაუნდის შედეგად კომპანია $16 მილიარდად შეფასდა, რაც ნიშნავს, რომ Google-ი მის სანაცვლოდ 100%-იან პრემიუმს იხდის. ამ შეფასებას, ისევე, როგორც Google-ის ინტერესს Wiz-ის შემოსავლიანობა იზიდავს, რომელიც წელს $1 მილიარდზე არის პროგნოზირებული.
ამ დრომდე კომპანიას არაერთი რეკორდი დაუმყარებია და ამ ტენდენციის გაგრძელებას მომავალშიც გეგმავს. 2022 წელს კომპანიის შემოსავალმა $100 მილიონი შეადგინა, როცა თვრამეტი თვით ადრე, Wiz-მა მხოლოდ $1 მილიონი დააგენერირა.
შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკში ბაზირებული ისრაელური ტექნოლოგიური სტარტაპის, Wiz-ის შეძენა Google-მა გასული წლის ივლისში გადაწყვიტა, რაც ლარი პეიჯისა და სერგეი ბრინის მიერ დაფუძნებული კომპანიის ყველაზე დიდი გარიგება უნდა ყოფილიყო. Google-ი მზად იყო კომპანიის სანაცვლოდ $23 მილიარდი გადაეხადა, მაგრამ, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, Wiz-ის აქციონერებმა ამ გულუხვ შეთავაზებაზე უარი განაცხადეს. როგორც Wiz-ის დამფუძნებლებმა იმ დროს განაცხადეს, კომპანიას ორი მიზანი ჰქონდა: კომპანია მილიარდიან წლიურ შემოსავალზე გაეყვანათ და შემდეგ, მისი აქციები საფონდო ბირჟაზე განეთავსებინათ.
ბევრი სხვა ისრაელური სტარტაპის მსგავსად, Wiz-იც კიბერუსაფრთხოების სფეროში ოპერირებს. Wiz-ის პროგრამული უზრუნველყოფა AWS-ის და Microsoft Azure-ის მსგავს პროვაიდერებს უკავშირდება და ამოწმებს ყველაფერს, რასაც ისინი ქლაუდში ინახავენ, რითაც დატაცენტრების ოპერატორი კომპანიები მომხმარებლის მხარეს არსებულ რისკებს აზღვევენ. კომპანია ოთხმა ისრაელელმა დააფუძნა, რომლებსაც, კარიერის დიდი ნაწილი ისრაელის სამხედრო დაზვერვაში აქვთ გატარებული.