Alphabet's Google მომდევნო ორი წლის განმავლობაში ოკლაჰომაში ხელოვნური ინტელექტისა და ღრუბლოვანი სერვისების ინფრასტრუქტურის გასაფართოებლად დამატებით 9 მილიარდ დოლარს დახარჯავს.
კომპანია სტილუოთერში ახალი მონაცემთა ცენტრის კამპუსს ააშენებს და არსებულ ობიექტს გააფართოებს, რითაც აშშ-ში AI და cloud შესაძლებლობების გაზრდასთან ერთად, განათლებისა და სამუშაო ძალის განვითარების პროგრამებსაც განავითარებს.
Google-ის განმარტებით, ინვესტიციის ნაწილი უკვე შეტანილია 2025 წლის კაპიტალური ხარჯების გეგმაში, ხოლო დანარჩენი მომავალ წლებში დაიხარჯება. გასულ თვეში Alphabet-მა წლიური კაპიტალური ხარჯების პროგნოზი 75 მილიარდიდან დაახლოებით 85 მილიარდ დოლარამდე გაზარდა და მიანიშნა, რომ ზრდა გაგრძელდება.
კომპანია აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს AI-ში მზარდი კონკურენციისა და ხელოვნური ინტელექტის სერვისებზე მაღალი მოთხოვნის ფონზე.
გარდა ამისა, Google-მა გასულ კვირას 1 მილიარდი დოლარი გამოყო AI განათლებისა და ტრენინგის მხარდასაჭერად აშშ-ის უნივერსიტეტებში და არაკომერციულ ორგანიზაციებში. ინიციატივას უკვე შეუერთდა 100-ზე მეტი უნივერსიტეტი.
AI ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებს აშშ-ში სხვა მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიებიც ახორციელებენ, მათ შორის Micron, Nvidia, CoreWeave და Apple, რომელმაც გასულ კვირას განაცხადა, რომ მომდევნო 4 წელში 600 მილიარდ დოლარს დახარჯავს.



























